ლექსები
*** ბალახზე ცვარით მორთული ველი, ბობოქრობს ქარი, ქრება ღრუბელი. ლურსმნით დავკიდე კედელზე სევდა და ახლა კიდევ უფრო მეტს ვხედავ. ხანდახან ვგრძნობდი, რომ სხვა ვარ სხვებთან, ამოუცნობი, სულ მახლდა სევდა. არ ვიცი, ახლა რა არის შიში, გადაწყდა მაღლა, ლექსებში ვიშვი. კლავენ არწივებს კლავენ არწივებს, ყორნებო, ჩუმად! რა დაგაძინებთ, ან რატომ დუმხართ?! სამშობლო მეწვის იარად გულზე, თვალებზე- ბეწვი, სიყალბეს ვუმზერ. ქართულ მიწაზე მომრავლდა მტერი, უცხო სინაზე და უცხო მტვერი. წართმეულ მიწას- აფხაზეთს ვეტრფი, ბობოქრობს რიწა, რამდენი ვერ ვთქვი. აქ,მოწმე მეც ვარ, თუმცა ვერ ვხვდები, ატირდა ზეცა ვაჟას ცრემლებით. ნუ მკითხავთ, რატომ? მე ჩემი ფიქრით ვრჩები კვლავ მარტო დღეს საზღვარს იქით. წავა ღრუბელი, ვიტოვებ იმედს, ამ დარდს უშველის ოდესმე ვინმე?! *** რა ურცხვად ტრიალებს დედამიწა, ბედს არაერთი მოუკლავს ისრით, ზოგს გულზე აყრია შავი მიწა, ზოგი არცაა ამ მიწის ღირსი. ბოროტი არევს, კლავიშებს სულში, გაპატარავებს, გიძვრება გულში. ფერთა სინაზე, ისმის ბღავილი, სუფთა მიწაზე, ხარობს ყვავილი. ძველ კიდობნიდან, სულის გოდება, ისევ თავიდან, მომაგონდება. უცვლელი ვრჩები, ვუამბობ ნიავს, ვიცი,რომ ჩემი , დარდიც თან მიაქვს. *** არავის ვგავდი, არავინ მგავდა, სიყვარულს ვრგავდი, სიკეთის მწამდა. იცვლება ყველა, სიცოცხლე მეფობს, ახლაც კი მჯერა, რაღაც არსებობს. ღამე ართმევდა განთიადს სევდას, შემომათენდა, ვერაფერს ვხედავ. ვაგროვებ წვიმებს, ერთ ლამაზ დღესაც მეც გამიღიმებს უღრუბლო ზეცა. ნინო ქანთარია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
რა კარგი ლექსია! 💖