მეგობარო
იცი, მეგობარო, ბაგეებზე სისხლად შემხმარი სიტყვებია: მე შენ მიყვარხარ… ცხრა ჯალათი ცხრა შანთით მკერდს ჯიჯგნიან, შავი ნიღბიდან მომზირალი ავი თვალებით... როგორ დაძივრდა მეგობრობა, დაძვირდა სიტყვაც, მართალი და შენ რომ გჩვევია... აქ ჰაერიც კი ძვირია, ხოლო სიმართლე თევზის ფხასავით გადგება გულზე, თუ ყელში, თუ სასულეში და ლამისაა დაიხრჩო... იცი, მეგობარო, თვალები აღარაა სულის სარკე, ინიღბებიან ადამიანები ისე იოლად, ისე მარტივად, შენ თვითონ გეშინია მერე ან უფრო გრცხვენია, რადგან მიუხვდი: რომ მათი თვალები აღარაა სულის სარკე, რადგან მათ ეს სარკეები დიდი ხნის წინ დაამსხვრიეს… და ახლა უბრალოდ, თვალები აქვთ, იმზირებიან, მაგრამ ამაოდ, იმზირებიან, მაგრამ ვერ ირეკლავენ... ცას შეჭიდებულ ხელებზე სისხლად გვდის პოეზია, მეგობარო და ხელებს ზემოთ რომ ვწევთ ხოლმე, რომ დედამიწას ყოჩივარდებად დაეწვეთოს ჩვენი ლექსები, გულის სისხლი რომ გამოვაყოლეთ… და ვეღარ გავთელავთ ყოჩივარდებს, ვეღარც დავკრეფთ… რადგან ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის მკვლელები ვართ და არა ყვავილების ან ლექსების… დაძვირდა ჰაერი, და ბაგეებს სისხლად შეახმა სიტყვები: მე შენ მიყვარხარ... გაძვირებულ ყოფიერებაში ჭირს გაძლება და მაინც უნდა გავუძლოთ, რადგან მერე ვინღა მოიყვანს ყოჩივარდებს... ჩვენი თვალები ირეკლავენ სამყაროს, მეგობრებს, ადამიანებს… ჩვენი ხელებიდან ყოჩივარდები მოჟონავს, ჩვენ ვერასოდეს ვუჩვენებთ ერთმანეთს ზურგს, ჩვენ გადავრჩებით!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი