და ამ დრეკადი ხეებისათვის
თუნდაც ეს ხეები დაიფარე, ღმერთო, ეს დღეები დაიფარე, ჩემგან გაფრენილი დღეებია და ეს ხეებია, მე რომ შემიფარეს, მე რომ შემიყვარეს, მე რომ არასოდეს შემაქცევენ ზურგს. ქარებმა სუსტი ნეკერჩხლები ისე მოხარეს, რამ ან ვინ უნდა გაასწოროს... ვღეჭავ სამყურას ლორთქო ფოთოლს, მწკლარტე გემო აქვს, ვღეჭავ და თვალებს მიწამდე ვხრი, რომ სამყურებმა არასოდეს ჩამხედონ თვალში, მრცხვენია, რადგან… მწყურის… და წყალი აღარაა, და წყარო აღარაა, აღარც რუებია და აღარც ნაკადული. დამსკდარ მიწიდან ტკივილები ამომეზარდა: ბუერად, ხავსად, გვიმრებად თითქოს - და ეს სპორებია ჩემი სისხლძარღვები… თუნდაც ეს ხეები დაიფარე, ანდაც ეს დღეები დაიფარე, აი, ეს ხეები დაიფარე, მე რომ შემიფარეს, ღმერთო, მე რომ არასოდეს შემაქცევენ ზურგს!!! ვმალე და ვერ დავმალე: ტკივილები. ვკეცე და ვერ დავკეცე დარდის გუდა. ვთვალე და ვერ დავთვალე ჩემი ცრემლი… ან როგორ უნდა: დამემალა, ან როგორ უნდა: დამეკეცა, ან როგორ უნდა: დამეთვალა, სევდა - ჩარჩოში ვერჩატეული… და ეს ხეები დაიფარე, მხოლოდ ხეები დაიფარე, თუნდაც ხეები დაიფარე, ღმერთო, რომ მერე შევძლო და ვთქვა: მე ხე ვარ, მე არავის ვაქცევ ზურგს!!! ხეები დაიფარე, ღმერთო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი