უჩვილო აკვანი


გთხოვ, 
მაპატიე, ჩემი ბრალი სულაც არაა,
რომ ვერ ვარ დედა და აკვანში არ გიზრდი შვილებს…
….. 
სხვენში ინახავს ორ აკვანს დედა...
ხარატულ აკვანს, 
ლებანოზის ხისგან გამოთლილს,
ოდესღაც თავზე რომ დამღეროდა…
დრო რომ გავიდა, 
სულ სხვანაირ სარწეველაში 
დაეზარდა შვილიშვილები. 
ჰოდა, ჩვენი ჩვილობის მერე
სხვენში უსაქმოდ დგანან აკვნები...
სევდიანობენ...
პერიოდულად ჩამოაქვს დედას,
მზეს ანახებს, წმენდს, ასუფთავებს...
ირწევიან აკვნები ნელა,
მინებებული ნაჩვევ ხელებს,
ნაჩვევ სითბოსაც.
…. 
მაპატიე, რომ ვერ ვივარგე...
ჩემი ბრალი სულაც არაა,
რომ ვერ გავზარდე აკვანში ჩვილი,
ვერ გავხდი დედა...
რომ არტახები ვეღარავის გადავუჭირე,
და ძუძუც ისე ჭკნება და შრება, 
რომ ხსენივით შეახმა სევდა…
…. 
მომეცი ძალა:
სხვებს ვუწილადო
საჩემშვილებო სიყვარული და მოფერება...
მომეცი ძალა, 
დედა ვიყო, ოღონდ ყველასთვის… 
… 
დაცურდებიან ტკივილები მხრებიდან კრძალვით, 
შემსუბუქდება სხეული და
თავისუფალი 
ფრენას შეძლებს ფრთებად ქცეული
სუსტი მკლავებით… 
გზა კი არადა, 
გზაწვრილია ციცაბო კლდეზე… 
დაცურდებიან ტკივილები მხრებიდან კრძალვით… 
გზას თუკი გავლევ, 
ღვთის დედასთან ავანთებ სანთელს… 
მთავარია, ავიდე ზემოთ… 
… 
მაპატიე, რომ ვერ გავზარდე აკვანში ჩვილი… 
მაპატიე, რომ მეც სხვებივით, 
ვერ გავხდი დედა… 
შემაძლებინე:
საჩემშვილებო სიყვარული სხვებს ვუწილადო…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი