სალტო-მორტალე, ანუ მე ხე, შენ ხე


თებერვლის სალტო-მორტალეებს რომ გავექცე, 
მარტი მაინც მომიღებს ბოლოს. 
ბედისწერის როგორ არ დავიჯერო… 
მთელი ცხოვრებაა ჩაკეტილი წრიდან გავრბივარ და ვერ გავარღვიე. 
თავზე ჩამომექცა მთელი ცა, 
ჩა-მო-მე-ქ-ცა ცა… 
და რომ მეგონა გათავდა, 
დაიწყო… 
იოლი ჩვეულებრივად სიარულიც აღარაა, 
არათუ ალესილ ხანჯლის პირზე სიარული. 
გავრისკე. 
დავდივარ. 
სულ დაჭიმული მაგიტომაც ვარ,
თითქოს სიმდის ვცეკვავდე. 
სწორედაც სიმდის - 
ჩემი სამშობლოს სინდისად ქცეულს… 
უფრო სწორად, 
განსხეულებული ცეკვა ვარ - 
ვნებამოთოკილი, 
ტანიაკრეფილი, 
ღიმიუჩინარი
და ვერდადრეკილი სიამაყე. 
რა დროს რომანტიზმია და მაინც, მომინდა მეთქვა, რომ:
ხეებს არშიებად შემოევლო ჩემი დარდიანი სიყვარული… 
მე ხე, 
შენ ხე
და 
შე
მე
ხე… 
გათვლასავით გამომივიდა… 
ალიხე, მალიხე და
არული კუდიანებს - 
ჰო, ესეც მახსოვს… 
სადღაციდან გამოტყვრება მარტობაა და თითქოს ძვალი წავართვი, 
ისე გაავებით მიღრენს. 
არადა, ვერაფრით დამიჯერა, რომ 
სიკვდილიც კი მეცოდება, 
არათუ მხოლოდ თვითონ. 
სიყვარული სხვაა… 
გვიან მივხვდი… 
და სიყვარულს გაჩვეულებრივდეს - ვერ ვაკადრებ… 
ჰოდა, სიკვდილიც ამიტომ მეცოდება, 
ასე მგონია, მხოლოდ მე ველოდები… 
თებერვალი მემილიონედ აკეთებს სალტო-მორტალეს… 
თუ გადავურჩი, 
მარტი ნოკდაუნში ჩამაგდებს და… 
როცა საბოლოოდ დავმთავრდები, 
სიკვდილი არ შეიძულოთ… 
მიყვარდა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი