რექვიემი სულისთვის


მიმოყვებიან ქარებს ნივთები,
ანდაც სიზმრები გაჰყვებიან წყალს,
ჩვენ რომ ვუყვებით...
და მეცოდება ქარი,
დარდივით რომ ვატანთ ნივთებს,
და მეცოდება წყალი,
სამუდამოდ თან რომ უნდა ატაროს 
ჩვენი შემაშინებელი სიზმრები
და ხანდახან საკუთარ თავს ვუბრაზდები:
წყალი და ქარი რა შესაბრალისია, 
როცა დედამიწა სადაცაა კარგა ხნის დაგროვილი ნახველივით
ამოახველებს ჩვენ მიერ ჩადენილ თითოეულ ცოდვას.
ამოახველებს ვულკანებად, წყალდიდობებად, ქარიშხლებად, 
მიწისძვრებად...
აბა, სანამდე შეიძლება ითმინოს,
გვითმინოს,
მოგვითმინოს...
ქარებს წაყოლილი ნივთები და
წყალს გატანებული სიზმრები ხომ არაფერია იმასთან შედარებით,
რასაც ყოველ წამს ჩავდივართ.
ხანდახან აღარ მინდა ვიყო ადამიანი,
ხე მინდა ვიყო - რომელიც არასოდეს არავის შეაქცევს ზურგს,
ან ჩიტი - თუნდაც სულ ციცქნა, პატარა ჩიტი,
ფრენა ხომ შემეძლება.
მერე რა, რომ ჩემი ხელები ფრთებია
და მერე რა, რომ 
სიარული ვერ ვისწავლე...
მაინც ჩიტად ყოფნა სჯობს ასეთ ახირებულ ქალად ყოფნას.
მოფერებას გადაჩვეულ თითებს რიტმულად ვაყოლებ მუსიკას:
ვცეკვავ - ყველა ტკივილის და დაგუბებული სევდის და
ვერამოთქმული დარდის და უკან ჩაბრუნებული ცრემლების ჯიბრზე...
შენ გინახავს,
როგორ ადიდდნენ ჩემი თვალებიდან გადმოსული ნაკადულები და
იქცნენ ზღვებად, ტბებად, მდინარეებად, ოკეანეებადაც კი?
გინახავს როგორ დასტიროდა დედას შვილის ნუკრი?
იცი, როგორ ძალიან ჰგვანან ქმარმკვდარ ქალებს ხეები ზამთრობით?
ისე შემზარავად ჰგვანან, მეშინია და რომ არ დამესიზმროს,
დაძინებამდე წყალს ვუყვები...
ქარს გავატანე შენი ნაჩუქარი ღიმილები, 
ქარს გავატანე შენი ნაჩუქარი კოცნები,
შენი მოფერებებიც ქარს გავატანე და ახლა ისღა დამრჩენია,
წყალს წინასწარ მოვუყვე, 
როგორ ჰგვანან ქმარმკვდარ ქალებს ხეები ზამთრობით,
მერე რომ არ დამესიზმროს.
დედამიწა კი,
სადაცაა,
წლობით დაგროვილ ნახველს ამოაყოლებს გაბრაზებას
ქარიშხლებად, 
წყალდიდობებად,
მიწისძვრებად,
ცუნამებად...
და მერე მივხვდებით როგორია ნამდვილი ტკივილი,
როცა გაგვახსენდება, რომ ეს მიწა უკვე ჩვენი იქით წასული დების და ძმების
სხეულებია, თვალებია, ხელებია, მუხლებია...
ჩაიშლებიან თვლები...
დაირღვევიან თვლები...
აიმღვრევიან წყლები...
ჩვენ კი...
ხე მაინც ვყოფილიყავი, ზურგს არავის შევაქცევდი...
ან თუნდაც პატარა ჩიტი,
ფრენა რომ შემძლებოდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი