მას შემდეგ (რაც ივდითმა მოკლა ოლოფრენი და შინ დაბრუნდა)
წუხელ კარს გიმტვრევდა ლოთი ანანია და რომ არ გაუღე, მთელი ქუჩის გასაგონად აყვირდა: ოლოფრენთან ხომ იწექიო. მეზობლის ბავშვებმა ქვა გესროლეს... გაოგნებულმა მოიხედე და კარგად გაიგონე, როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს: ბებია ამბობს, ეს ქალი მტერთან იწვაო. ჭორიკანა დედაკაცებმა ენები აიქაფეს, შენ კი... თმა გაიშალე, ივდით... გაიშალე ეგ შენი სპილენძისფერი დალალები, შეხედვითაც კი ვნებას რომ აღუძრავს შენი ქალაქის მამრებს, გაიშალე თმა და ისე გამოიტირე შენი ქალობა... შენი ძუძუები დაიტირე, ივდით, აზღუდში რომ ვერ ეტევიან... იტირე, ივდით, ბალიშში თავჩარგულმა იტირე, რადგან კაცის მკვლელიც გაგხადეს ნაცნობმა კაცებმა... შენ კი... ქმარმკვდარო, არცკი დაფიქრდი, არც შეყოყმანდი... და რა მიიღე? ბავშვებისაგან ნასროლი ქვა, ლოთი ანანია - ყოველ ღამე შენს კართან რომ უშნოდ აისვეტება და ჭორიკანა დედაკაცების მიერ გამოყოლილი გესლი და შხამი... გაიშალე დალალები, ივდით და მიატოვე ეს ქალაქი... მიატოვე შენი ქმრის საფლავი, შენიანების საფლავები, მიატოვე, საფლავებიც, ივდით, ისინი უსათუოდ გაპატიებენ ამ მიტოვებას... თავს უშველე, მკლელად ქცეულო ქვრივო... შორს ამ ჭაობისფერი ქალაქიდან, ამ წებოვანი ქალაქიდან, ცოცხალი მკვდრების ქალაქიდან, რომლის ყველაზე მაღალი ქონგურიდან დღესაც შემოგყურებს ოლოფრენის მოკვეთილი თავი... გაიქეცი, გაიქეცი, ივდით!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი