გაფრენა
ძუძუები კი არადა, თვალები კი არადა, აღარც ბაგეები ილოცებიან… სიტყვების ნაცვლად ლოლუები ამოდიან ყელიდან, ფხაჭნიან სასას და ყველა ლოლუა სისხლიანია. შენ, ვინც მოკალი საკუთარი ძმა და საკუთარი დედა შეირთე ცოლად; შენ, ვინც დაწექი მტერთან, რომ სამშობლო გადაგერჩინა; შენ, ვინც მოატყუე მამა და გაყიდე მამული, აღარავინ ხარ… თავ და სახე და სახელ-დაკარგული უმწეობა, რომელსაც მალე რობოტები ჩაანაცვლებენ. წამოდი, გადავსახლდეთ, თუ გინდა მთვარეზე… წამოდი, რადგან საჩვენო ადგილები გვეზღუდება. სიტყვების ნაცლად სისხლიანი ლოლუები ამოგვდის პირიდან და რის ძუძუები, თვალებიც კი ვეღარ გვლოცავენ. დედას გაფიცებ და მამას გაფიცებ და საფლავებს გაფიცებ და ამ ჩვენ გულგაგლეჯილ მამულსაც გაფიცებ, წამოდი!!! თორემ ხომ ხედავ, ყველა გული დახურულია და ყველა მოსახვევში წარწერაა: ფრთხილად, აქ ფრენა აკრძალულია!!! წამოდი, მთვარეზე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი