ფენიქსი


დიდი ხანია არაფერი ხდება, 
და როცა ისევ წამოგივლის ქალური ჟინი სიკეკლუცისა, 
შენი მეგობრის 13 წლის ქალიშვილს დაინახავ და 
ხვდები, 
რომ გვერდზე ჩაგიარეს საშენო წლებმა… 
ამოღამებულ უპეებზე გეტყობა მხოლოდ, 
მთელი ღამე რომ არ გიძინია, 
რადგან უშენოდ გაპარული საშენო დღეები გაშინებს და 
არც ის გინდა, 
ვინმემ შეგატყოს დაღლა… 
და ყოველ დილით, 
როცა თავიდან სწავლობ სიცილს, 
სიარულს, 
საუბარს, 
რადგან ყოველ დილით, 
ფენიქსივით, 
თავიდან იბადები, 
მხოლოდ იმიტომ, 
რომ გადარჩე,
იყვარებ სიცოცხლეს და იმის ნაცვლად,
რომ თამაშიდან გახვიდე,
რჩები. 
და როცა შენი მეგობრის 13 წლის ქალიშვილი თავს შეგახსენებს, 
ისევ უშენოდ ჩავლილი საშენდაშენო დღეები გტკივა… 
არადა, ხომ შეიძლებოდა… 
მაგრამ, 
როგორც ჩანს, 
როგორც შეიტყვე თუ 
როგორც არის, 
ცხოვრებას მხოლოდ მეტიჩარა ქალები უყვარს… 
დილაა უკვე… 
და თავიდან ვსწავლობ
სიცილს, 
გადასარჩენად!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი