თევზის მონოლოგი
იმ თევზივით ვარ, ნაპირზე რომ გამორიყა მიქცევამ და ახლა ისღა დარჩენია, რაც შეიძლება დიდზე დააღოს პირი… ჩემი სხეული მომაკვდავი თევზივითაა - სიცოცხლე უნდა… ასე მგონია დიდი ხანია დამტოვა სულმა და ახლა, თავისუფალი, იმდენ ადგილას მოგზაურობს, სხეულს რომ ვერც წარმოედგინა… რა საჭიროა ეს საზღვრები - გახსენით ყველა დარაბა, კარი, ჩამოხიეთ ფარდები, რომ რაც შეიძლება მეტი მზე შემოუშვათ ოთახებში. არასოდეს დავწერ კაცზე, რომელიც მიყვარდა, მიყვარს, ან მეყვარება. არც შვილზე დავწერ - რომელიც უნდა მყოლოდა და ვერ მეყოლა… მირჩევნია საკუთარ თავზე დავწერო, ანუ იმაზე, როგორ ჰგავს ახლა ჩემი სხეული მიქცევისას ნაპირზე გამორიყულ თევზს, რომელიც პირს რაც შეიძლება დიდზე აღებს, მეტი ჰაერი რომ ჩაისუნთქოს… სანამდე უნდა მდიოდეს სისხლი შიგნიდან? ხელები კი არა, ფრთები მქონია და არ ვიცოდი. როცა მხრებიდან ბუერები ამომეზრდება, როცა თითები დაემსგავსებიან ყაყაჩოებს, ვიქცევი მინდვრად და ჩემზე ირბენენ ბავშვები, არა ჩემი შვილები… ბავშვები - სხვების შვილები - ირბინენ ჩემზე და დამკრეფენ… ჯერ კი თევზი ვარ, ნაპირზე გამორიყული თევზი, რომელსაც სულ უბრალოდ, ჰაერი უნდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი