სხვისა
სხვისგან გაითელა საჩემსავალო ბილიკები, ჩამოიმარცვლა დღეები, დაიღალა ჩემი მომლოდინე გზები და სხვა ისტორია დაწერეს, უჩემო, საჩემო რომ უნდა ყოფილიყო… აივსო მოთმინების ფიალა და გადმოდინდა იქიდან: ბგერებად, სიტყვებად, წინადადებებად ტკივილები. ვერცხლმა ისე დაიფასა თავი, ხელსაც ვეღარ კიდებ იუდას მერე. შენც თითებს გიწვავს და გრცხვენია. აი, იმას კი, სამყაროსგან ზურგშექცეულს, ეგება ისე რცხვენოდა, შიშთვილ იბა… და ჩვენ რა ვიცოდით… საჩემსავალო გზები სხვებმა გათელეს, ჩემი ლოდინით ბილიკებიც დაიღალა… მე რა… ვიფრენდი, ფრთები რომ მქონდეს. იმას არც ფრთები ჰქონდა… შერცხვა და… ის ერთი კოცნა რა ძვირი ღირდა თურმე… ფრთები რომ მქონოდა… კაცმა რაო და ჭირმაც თავი არ დამალა. გზა გაიყო და მარჯვნივ წახვალ, ინანებ, მარცხნივ წახვალ, ინანებ, პირდაპირ იარეო… ჩამოიარა შავმა წყალმა, შავი ჯოხი დავკარი, გველი ამოვიყვანე და მოვიშინაურე… მე რა… ფრთები რომ მქონოდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი