საფლავები (გმირების ხსოვნას)
პირველი ჩამოსვენება მახსოვს: ცინკის კუბო იყო… დახურული, ცივი, უხეში. მახსოვს გასვენება: ხალხით გადაჭედილი ეზო, შიგადაშიგ, უცნობები, ცნობისმოყვარეობის გამო მოსულნი, თანამებრძოლებს ყველასგან გამოარჩევდი, არა, ფორმით არა, თვალებით, სხვანაირად ამაყი დგომით - მაშინ პირველად ვნახე ტკივილშერეული სიამაყე. ვნახე აბღავლებული მამა. არცერთი სხვა სიტყვა არ გამოხატავს ისე იმ მდგომარეობას, რაც იქ ხდებოდა: ბღავილი იყო ეს, შვილის სიკვდილით გადარეული ხარის ბღავილი, მამის მკერდიდან ამოხეთქილი ტკივილი… ეს იყო: ამოხეთქა, ამოიბღავლა, თითქოს გულიც ამოაყოლა და მეც კინაღამ მომკლა, გამაქვავა. ეს იყო… მაშინ პირველად დამავალეს ჟურნალისტური ნარკვევის დაწერა გმირზე, რომელსაც მამა-ხარი დაბღაოდა… იცით ყველაზე შემზარავი რაა? როცა პროფესიულ მოვალეობასთან ადამიანობა უკან იხევს და ამას შენ ყველაზე უკეთ ხვდები და ადამიანი აღარ ხარ, არამედ ჟურნალისტი, მოსამართლე, სამართალდამცველი და ა. შ. შემზარავია და მაინც, ადამიანობიდან განრიდების ან თუ გნებავთ, გაუცხოების ეს ერთი წამი, ეს ერთი გვერდზე გადადგმული ნაბიჯი წყვეტს ყველაფერს!!! და შინ მისვლამდე უკვე ვიცოდი რას დავარქმევდი ნარკვევს და როგორ დაიწერებოდა. ის კი, გმირი, სულ რაღაც 25 წლის გმირი იყო და მე ახლა, მასზე მთელი 20 წლით უფროსი, როცა დღეში ორჯერ ჩავუვლი მის საფლავს, ისევ მესმის მამის ხარივით ბღავილი და ისევ ის განცდა მაქვს, რაც მაშინ, იმ წვიმიან დღეს დამეუფლა: გული რომ სადღაც ქვემოთ ვარდება და ეს ვარდნა უსასრულოა, ისე უსაშველოდ უსასრულო, ნერვებიც კი მომეშალა, რომ არ დავსრულდი… კინო კადრივით ლაგდება გონებაში: ცინკის კუბოში მწოლი გმირი, ხარივით აბღავლებული მამა და ეზოში ტკივილიანი სიამაყით მდგარი თანამებრძოლები… ეს არ იყო დასასრული… აფხაზეთის ომი არ იყო დასასრული… ვაი რომ, არ იყო… და ახლა, როცა გმირის საფლავს დღეში ორჯერ ჩავუვლი, მასზე უკვე მთელი ოცი წლით უფროსი (რადგან მკვდრებს ასაკი არ ემატებათ), ვხვდები: ჩვენ დიდი ხანია ერთ დიდ საფლავად ქცეულ მიწაზე დავდივართ, გმირების საფლავად ქცეულ მიწაზე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი