ბავშვობანას თამაში


ვქმნი ჩემეულ სამყაროს,
სადაც მიწა მწვანეა და ცა -
მზისფერი...
ვიქცევი კიკინებიან გოგოდ,
რომელსაც ბუერებად ამოეზარდა 
ტკივილები...
და ბუერებს წყალს ვუსხამ ყოველ დღე,
რომ ტკივილები არ გამომინელდეს...
ვთამაშობ...
ვადგენ საზღვრებს და ფერადი საღებავებით ვღებავ
უხილავ ღობეს -
ჩემი სამყაროს გამომყოფს სხვათა ძალიან რეალური სამყაროდან...
ვემსგავსები თვალებზე ქუდჩამოფხატულ გოგონას,
ფეხშიშველს,
დაუდევარს,
დაუდეგარს,
რომელსაც ტანზე ტკივილებმა გამოაყარა...
ვთამაშობ...
და ასე ვცდილობ დავმალო ყველა ტკივილი,
რომელიც მაინც ვერ იმალება,
რომელიც მაინც ვერ იჩქმალება,
რომელიც,
მაინც,
ვერ...
ვთამაშობ...
ჩემეულ სამყაროს მაინც ყველაზე ფერადი ფერები აქვს.
აქ იოლია გაღიმება,
როდესაც გტკივა.
აქ იოლია საკუთარ ტკივილებზე ამაღლებაც კი...
ბუერები და გამონაყარი რას დააკლებს ჩამოფხატულ ქუდსა და
კიკინებს...
რას დამაკლებს მე - დაუდევარს და დაუდეგარს -
ეკლებად ქცეული ბედისწერა,
დიდი დიდი -
ფეხისგულები გადამისეროს,
ან ხელისგულები გადამისეროს,
ან გული გადამისეროს...
დიდი დიდი, 
ჰო...
ცა მზისფერია და მიწა მწვანე...
ვწევარ და თვალებში მეღვრება ღრუბელი,
გეძებ და გპოულობ - საკუთარ ფიქრებში ჯიუტად მავალს...
ჩემსავე ზმანებებში მოაბიჯებ იმსიდიდო სიმშვიდით - 
გაოცებაც კი მეზარება და გიმზერ, გიმზერ,
სანამდე ყველა წვეთი სისხლი შენით არ გაჯერდება,
სანამდე ორივე თვალი შენით არ ამევსება,
სანამდე გული სისხლივით შენ სახელს არ გადაიტანს 
ყველა სისხლძარღვში,
ყველა უჯრედში,
ყველგან, 
რომ მერე,
საკუთარფიქრებატანილმა,
კიკინებიანმა, დაუდევარმა და დაუდეგარმა გოგომ,
გალაქტიკის გასაგონად ვთქვა:
„ეს ბიჭი მომწოოონს“...
ვთამაშობ...
საკუთარ ტკივილებზე ვმაღლები...
ვთამაშობ...
ვიგონებ საკუთარ სამყაროს...
ვთამაშობ...
ფეხშიშველი დავდივარ და ქუდჩამოფხატული ვღიღინებ 
ყველაზე უცნაურ სიმღერას:
„შენს გულამდე მოვედი და
მოგიტანე კორჩიოტა,
შენ კი ყურიც არ დაუგდე,
ის - ვინ იცის - რას ჩიოდა“...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი