მარხვა დასრულდა


გადადი გზიდან, 
აიკრიფე გუდა-ნაბადი. 
მოარიდე პირი ცხოვრებას,
ყველა ტკივილი გაქრებაო… 
გინდა გჯეროდეს, 
გინდა გჯეროდეს და 
მაინც გტკივა… 
გადადი გზიდან, 
ნარ-ეკლებში უნდა იარო, 
ვინ გაგიბედავს, რომ მოგწმინდოს
შემხმარი სისხლი.  
გზაზე რა გინდა, 
შენი ადგილი ნარეკლიან ბილიკებზეა, 
ძეძვებზე უნდა შეარჩინო საბრალო ხორცი,
ნამარხულევი,
ხმელი ხორცი, 
ხმიადი ხორცი, 
მორჩილი ხორცი - 
თავისუფლება რომ შეიგრძნო
მთელი სისრულით. 
გადადი გზიდან, 
წამოკრიფე ნაგვემი ხორცი, 
ერთხელაც, 
ერთხელ დაიჯერე, 
რომ საბოლოოდ მართლა 
ქრება ყველა ტკივილი… 
ნარეკლიანზე ფეხშიშველამ უნდა იარო
და ძეძვებიანს შეარჩინო საკუთარი 
ხორცი და ძვალი… 
გადადი გზიდან… 
მარხვა დასრულდა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი