რეზინის თოჯინები (დედას)
ჩავიბრუნე თვალები უკან… ჩავიბრუნე თვალები უკან და ჩემი ბავშვობა დავინახე: გადაყვლეფილი მუხლებით, კიკინებით, გულუბრყვილობით. რა მიამიტურად იოლია ბავშვობა… ღმერთო, ნუ გაათენებ ამ ღამეს დიდხანს; ღმერთო, გააგრძელე ეს ღამე დიდხანს, რეზინის თოჯინები უნდა დავისიზმრო… სულს რომ კარი ჰქონდეს, არასოდეს დავკეტავდი… ამომდიოდა სული ნისლივით ყოველი დილით და მთებს ვედებოდი საბურველად. სულს რომ კარი ჰქონდეს, არასოდეს დავკეტავდი… თვალებს უკან ვიბრუნებ, თვალებს უკან ვაბრუნებ და ჩემ ბავშვობას ვხედავ: დედობანას თამაშით ისე გართულს, რომ რეზინის თოჯინა ნამდვილი მგონია და თოთო ძუძუს ვაწოვებ… ღმერთო, დიდხანს არ გაათენო ეს ღამე; ღმერთო, დიდხანს გააგრძელე ეს ღამე, რეზინის თოჯინები მინდა დავისიზმრო…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი