ასტროლოგიური პარადიგმა


თქვენ ღამეები დამიხატეთ,
გრძელი ღამეები
და ჩააცვით ტანზე სოსანისფერი კაბები
ღამეებს...
ოქტომბერია...
ბევრი დრო მაქვს სიზმრებისა და ოცნებებისთვის და
ღამეები დამიხატეთ,
რომ სევდა ტანზე უხმაუროდ შემოვიძარცვო,
რომ ღიმილები დაემგვანონ სულის ჭრილობას,
რომ ხელები მექცნენ ტოტებად და 
ქარის ყოველ წამოქროლვაზე ვირწეოდე...
დაძინების წინ ვიშლი ჩემს ღამესავით გრძელ და
შავ თმას და თმაგაშლილი ვეგებები მთვარის სავსობას...
მერე გისიზმრებ,
მერე გნატრობ,
მერე ვივსები და
ტოტებად ქცეული ხელებით გიალერსებ -
მანძილების მიუხედავად...
თქვენ ღამეები დამიხატეთ,
სოსანისფერი ღამეები,
გრძელი კაბებით და ვუალებით,
მე რომ ვიოცნებო...
თმას ვიშლი,
მთვარესთან პაემანზე მივდივარ...
მე სელენა ვარ და მარტოობის აღარ მეშინია,
ვეჩვევი სიმარტოვეს...
სამაგიეროდ, დრო ბევრი მაქვს ოცნებებისთვის,
ჰოდა, ღამეები დამიხატეთ,
სოსანისფერი, გრძელი კაბებით,
მე ჩემს ტოტებად ქცეულ ხელებს ქარს ავაყოლებ და
მთვარესთან პაემანზე შესახვედრად გავემზადები...
ოქტომბერია...
ვიხდი სევდას და შენს წინაშე ვდგავარ შიშველი...
შემოდი, მოდი, დი, შე...
მოგელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი