მონადირე


კაცს რა უნდა უთხრა, 
ტყეში ნადირს დასდევს და 
ცაში - ფრინველს. 
ქალიც მოსანადირებელია მისთვის… 
ბალახის სუნი მაქვს, 
ახალმოთიბულის კი არა, 
ლორთქო ბალახის. 
ჩემი თვალები ტყეებია - 
გაუვალი, 
ჩემი მკლავები ხეებია - 
ცად აზიდული, 
ჩემი ძუძუები ნაკადულებია და არა ბორცვები, 
ბორცვები ბანალური იქნებოდა. 
დავდივარ კი არა, 
ვფრენ მეთქი, 
ათასჯერ მითქვამს. 
მე როგორ უნდა მომინადირო, 
თავად მონადირეს ვგავარ:
ფართო ნესტოებით და
ტყეებად ქცეული თვალებით. 
დავდივარ კი არა, 
მოვრაკრაკებ და სიტყვებს ვშობ:
ჩემი ნაბიჯებიდან რომ ჩნდებიან, 
გუბეებივით.
ჩაიხედე,
ჩაიხედე,
ეგებ საკუთარი თავი დაინახო. 
კაცს რა უნდა უთხრა, 
სულ გზაშია, 
სულ გარეთ. 
ქალი შინ ზის და ნაწნავს იშლის. 
და ახალგაღვიძებულს, 
გაღეღილი პენუარიდან რომ მკერდი მოუჩანს, 
აი, იმ მკერდზე ჰკიდია სულაც
სამყაროს მთელი აურზაური,
ქალია,
ნაწნავს იშლის… 
მე ბალახის სუნი მაქვს, 
ახალმოთიბულის არა, 
ლორთქოს… 
ლოცვა არ ვიცი, 
კედლებს ვჭამ და ფრჩხილებსაც ვიკვნეტ, 
ამბობენ, რკინა აკლიაო, 
არადა, რკინის ნერვები მაქვს, 
კედლებს ვჭამ და ფრჩხილებსაც ვიკვნეტ - 
ნერვებს ვიმორჩილებ. 
ტბებია ჩემი ნერვები, 
მდორე, უძირო, სევდიანი. 
სიტყვებს გუბეებად ვტოვებ, 
რომ ჩაიხედო, 
დამინახავ… 
კაცს რა უნდა უთხრა, 
მონადირეა… 
მე მხოლოდ ერთხელ მომინადირეს, 
ისიც - მინდოდა!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი