იანვარს ვუცდი, დღეს!


იანვარს ვუცდი, დღეს!

 ოლალ-ლალ,
ვუხუჭავ თვალს,
ალ-ჭვალი ადგას გერს,
გერისას ჰგავდა დღე,
ღერღს უნაყოფოდ დღე,
მღერს...
სოლ,  რე-რე...
 როგორ  ბერწია დღე.
ღელეს არ მოჰყვა რაკრაკით,
არაკის მთქმელი,
 მხნე...
დღეს წყაროს თავზე გამტყდარა,
დარად საქცევი დღე.
ღელედან პეშვით წყალი ვსვი,
სვე ვერ ვაგრილე, ვერ.
ვერ მოგაწვდინე, უფალო,
ლოცვით მხოხავი დღე.
მღეროდა მეხრე ურმულს და
სახრეს უღერდა მზეს,
ეს დასაწვავი ურემიც,
უზვინობითა დევს.
დევების სამფლობელოში,
ოჩი არღვევდა წნელს,
ნედლი წნელების გოდორი,
ორღობეებში წევს.
წელს ისე ჩაუქროლია,
თოლიაც არღარ ფრენრს.
რია-რიაა საწუთრო,
თრობით თუ გალევ დღეს,
(ისე რა გალევს დღეს).
ეს დალოცვილი ნაჟურიც,
ჟუჟუნასავით წვეთს,
ერთ წვეთს გასინჯავ გგონია,
ნიბლიასავით ფრენ,
ფრენას უფრთებოდ გასწავლის,
ლიცლიცით ჩაცლი ქვევრს.
ტევრს, მაინც იქნევ მტრულადა,
ადამიანი ზღვევს,
ევას ჩადენილ ცოდვებზე,
ზეცა დღესაცა კვნესს.
ეს დღეც ისევე გაბერწდა...
წრეზე ტრიალებს მზე,
წევს, უნაყოფო დღე.
მე, ხვალის იმედს ვიტოვებ,
ვტოვებ ამ წელში ბნელს,
ელვის სისწრაფით მიჰქრიან...
იანვარს ვუცდი დღეს!

24.10.2022წ
ნინო როსტიაშვილი
neru ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი