ძმას


მოვა აგვისტო...

ახლა გწერ და ვტირი ძამია...
"ცხოვრება წამია"...
მოვა აგვისტო, მარიამიც დაგვლოცავს,
ალბათ...
მკათათვე უკვე წარსულია,
უვლია სწრაფად.
მიჰყვა თიბათვეც ავად,
 თუ ისე...
მაინც კარგად.
მოვა აგვისტო, მარიამი დაგვლოცავს,
ალბათ...
ზაფხულის სევდის მესამედი  უკვე გავთიბე.
თითბერის თავშალს დამაფარებს, მაგრამ არ კმარა...
ეს განედი ახლავს შავად ზოლს, ღმერთო მაკმარე.
მეც გავედი, საკმაოდ შორს, 
უკვე აღარ თოვს...
მოვა აგვისტო, მარიამიც დაგვლოცავს ,
ალბათ...
მოვაგვირისტო,
თვის ბოლოს უნდა მოვახვიო ჩემი შტო, წამლად!
გული ყოველთვის სევდითაა, ტირის
აგვისტოს.
 თუმც მზიანია, აივსება ზღვის სანაპირო,
იმ სანაპიროს, ცხრა, რომ ჰქვია, არ ხარ,
ამიტომ...
უშენოდ
 ტირის აგვისტო და ჩემი გულის
 რტო...
ცხრა რომ ჰქვია, 
ხო! 
ის დღე უნდა მოვაგვირისტო!
რადგან თალხია, ავია და შემზარავია,
ერთი  რძით გაზრდილს, აღარ გვეყო ერთი თავშალი,
დედის წიაღში შენთან ყოფნა არ მინანია.
ახლა, რომ მყავდე,
ზღვის ნაპირზე კარავს გავშლიდით,
ყველა სევდას და ნაღველს უსასრულო ცურვით წავშლიდით.
გავა აგვისტო, დასასრული მაინც კარგია,
იქ, ცად შენ მყავხარ, მაგრამ ჩემთან მარიამია...!

01.08.2022წ.
ნინო როსტიაშვილი
neru ✍️

---წერილი ძმას

დღეს ცხრა რიცხვია, აგვისტოს ხვითქში,
 ეს დღე მიყვარდა, ჩემს ბავშვობაში.
ახლა ძლიერ მძულს და მაინც მიყვარს,
დღეს, სახლის ნაცვლად საფლავზე მივალ.
 თქვენა ხართ, ჩემი სხეულის დამღა,
თქვენს სიყვარულში, არ არის დაღლა.
არ ვიცი, ჩემს შვილს, როგორ ავუხსნი,
რომელსაც არ ჰყავს, არც  და და არც ძმა.
როგორი არის, როცა გაცლიან,
სულში ფესვგადგმულ დაკემსილ განცდას.
რომ ორი ძმისთვის ვლოცულობ, მაგრამ
სანთელს ავანთებ, სხვადასხვა ხატთან. 

მომენატრება გასეირნება,
"პოლის ტილოთი", რომ წმენდით "ზალას".
სიყვარულში, რომ ეჯიბრებოდით
და ვთამაშობდით, დამალობანას.
ფანრით მეძებდით, ბნელ ოთახებში,
ვეფარებოდი მე წითელ ფარდას.
ხომ ვაწვალებდი უნიჭოდ კლავიშს?
მაგრამ არასდროს მიშლიდით დაკვრას.
თქვენი ხელით, რომ მაჭმევდით ფაფას,
ჩემს სიყვარულში, რომ გქონდათ დავა.
არ ვიცი, ჩემს შვილს, როგორ ავუხსნა,
გაიზრდება და მიხვდება თავად...
ერთ მკერდში, ორი გული, რომ მქონდა,
ორი ნაღველი და ორი "ჩაკრა".
ერთი გული რომ გარდაიცვალა
და ნაადრევად სიცოცხლე ჩაქრა.
შენა გწერ ძმაო, ამ ბოდვებს ახლა,
შენ დამრჩი ორის მაგივრად, შენს დას.
შეეშვი ძმაო, მაგ ჭიქა-არაყს
და ნუ მიმატებ, დარდებით სავალს.
 სანამდის ვცოცხლობ, არ მიღალატო,
ვერ გადავიტან უგულოდ ყოფნას.
დღეს ცხრა რიცხვია აგვისტოს ხვითქში,
ისედაც გული ვერა მაქვს კარგად.
მე და შენ დავრჩით დღევანდელ დღისთვის,
ახლა ნუგეშად, ჩვენ დავრჩით დედას.

09.08.1998წელი
ნინო როსტიაშვილი 
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი