პოემა---დედის ხსოვნას


დედის ხსოვნას
|-თავი
ბებიის და დეიდის ხსოვნას.

ამ ამბავში ფქვილიც ქატოც
ორივენი ოხრად დარჩა,
მოგონებებს იხვევს ფიქრი,
მაჯაც მისთვის გაისარჯა.
ომის მძიმე წლები იდგა,
სვანეთის მთებსაც უჭირდა.
ახალი წლის მოლოდინში
დეკემბერს ცა აუჭირხლდა.
მოდიოდა ქალი ბავშვით,
წისქვილიდან მოდიოდა.
ცივ ზამთარში გაყინული
თბილი გული მოსდიოდა!..
ქორთე* ჩქარობს შვილი ელის,
 მიიტანოს ფქვილი მალე.
ხორბლის ფქვილი აქ ვინ მისცათ,
სიმინდი აქვს სავალალე.
მჭადით, ღომით, ჭვიშტარებით,
ზამთარი რომ გაიტანონ.
სიცივე და უგზოობა
მგზნებარებით აიტანონ.
აქ ზამთარი მკაცრი იცის,
აქ ზამთარი არვის ინდობს.
ნალექია იმხელა რომ
მხედარსაც კი თოვლში იფლობს.
ნამქერსა ჰყრის 
ქარი მთიდან,
საკვამურის მილებიდან
ცა ბინდისფრად
იღებება.
ბაბუები აკვანს 
თლიან,
ბებიები სართავს
ქნიან,
ცისკრის სისხამს იბევებენ,
ხვალის საზრდოს
დღესა ჰქმნიან.
მოდიოდა ქალი ტომრით,
 ბავშვთან ერთად 
მოდიოდა,
ქორთე* ელის თოთო ბავშვი,
თვალზე ცრემლი მოსდიოდა...
ჩაიარეს მჟავე წყლები,
სავალი გზა მცირდებოდა,
 ახარხარდა ქარბორბალა,
უჭირთ ქარში გზის გაკვალვა.
დატრიალდა ცოდვის გორა...
დათვს ბუნაგში ტკბილად სძინავს,
ტყიდან ისმის კივის ტურა.
თვალს ნამქერი უგლისავთ და
წამწამები მიეყინათ,
კლდიდან ჯიხვები სტირიან,
დასტყდომიათ თავზე ურვა.
იქუხა და ცამ იგრგვინა,
დაბარდვნილ მთას ზვავი მოსწყდა
და დედის გულს ბოლო გმინვა!
გათოშილი ორი გული
ზვავმა მიწას ჩააყოლა...
შეწყდა ორის სიცოცხლე და
მესამე კი დააობლა.

||თავი
დაკარგული კვალი

მწუხრი წვებოდა,
არ ჩანდა ქალი,
იფერფლებოდა
დამცხრალი ალი.
დაღონდა ქმარი 
ხამს ხეიბარი,
ერთ დროს 
მებრძოლი
და მეომარი.
ნადირობაში
მიზან განთქმული,
რაც უთქვამთ მთაში,
ცალყბად არ თქმულა,
მთიდან ირემი ბეჭით მოჰქონდა,
სიჩაუქითაც 
თავი მოჰქონდა!
ვერსაით წავა
შეძრა სოფელი,
ყოველი ღრე და
ღობე ყოველი.
ეძებეს თურმე
დიდხანს ეძებეს,
არ დაუზოგავთ
ჯანი მეზობლებს,
მაგრამ ვერაფრით
იპოვეს კვალი.
იმ ადგილს სადაც
ჩამოწვა ზვავი,
მათ ჩირაღდნები
უნთიათ ღამით,
არა ტოვებენ
არცერთი წამით.
ტყეში დაძრწიან
მშიერი მგლები,
სისხლის მწყურვალნი,
დაგეშილები,
აქ საშიშია,
რომ არ აიღოს 
ნადირმა კვალი.
ეძებეს მანამ,
ჩათვლემილ ბაბუს
ბებო ეზმანა,
გამოცხადებით;
ნუ გვეძებთ თაი,
ნუ გვეძებთ თაი...
 უფრო გვმარხავთ და უფრო გშორდებით...
 გვიპოვით მაშინ, 
ენძელა რომ 
გააპობს ყინულს,
როცა მზის სხივი
ძალას მოიკრებს
და მთის კალთები 
აქვითინდება,
როცა ნაკრულა
წყალჭარმაგდება,
თავისით როცა
გადნება თოვლი.
დღე დღეს მისდევდა,
დაისი დაისს,
გაყინულ წყლებსაც
დაეტყო ბზარი.
 დეკემბრის ბოლოს
გარდაცვლილები,
მარტის მიწურულს
ცხონდა ცხედრები.
ბუნებას თავის
კანონები აქვს,
ჩვენ ვერას შევცვლით.
სტიქიის მიმართ  
ეჰ...
 უძლურია
ყველა სულდგმული.

|||-თავი
ბაბუს ხსოვნას

მზე ჩაესვენა
ბათაშერებში,
ცეცხლი ჩაუქრათ
ქვაჩაშერებში.
დაურჩა ბაბუს
შვილი ობოლი,
დაისადგურა 
სევდამ თვალებში.
დარბის პატარა...
-დედა სად არი?
დედა სად არის?
დედეშ*!!! დედეშ*...!!!
დარბის ფეხშველი.
გოდებაში და
მწარე მოთქმაში
ბაბუმ ცალუღლად
განლია წელი.
წლის თავზე ბაბუც
დარდმა იწირა,
სულ მთლად დაობლდა,
ისეც ობოლი.
-სოფელი მაინც
დიდი მადლია,
მაგრამ სოფელსაც 
რა აბადია...
ზოგი რძეს აწვდის,
ზოგი მჭადს და ყველს.
ასე ორმოცჯერ 
ჩავიდა მთვარე.
ორმოცი მწარე
დღე ობლისათვის.

|/-თავი
გამზრდელი ბიძის და ბიცოლას ხსოვნას

ორმოცზე თურმე
ქალაქიდან
ეწვია ბიცო.
ბავშვმა ვერ იცნო,
რა თქმა უნდა
ქალი არ  ეცნო...
ქალი რა ქალი
კალმით ნახატი.
ღმერთს სილამაზე
 არ უკმარია,
სიკეთეც მისთვის
დაუნათლია.
როს დაუნახავს
ბავშვი ფეხშველი,
დაუვარცხნელი
აბურდულ თმებით,
ვედროს მოათრევს
წყაროდან ჩოჩვით,
შემოეყარა გულზე
ნაღველი.
გულში ჩაიკრა
ობოლი გოგო,
ჩამოუვარცხნა
ლამაზი თმები.
არ მიატოვა
სვანეთის მთებში,
წამოიყვანა ქალაქის
მტვერში.
უთქვამს მე ორი
ვაჟიშვილი მყავს,
ეს გოგოც ჩემი
მესამე შვილი.
(დედა ოთხი წლის თუ იქნებოდა)
ზარდა შვილივით.
არ მოუკლია
 სწავლა, დაჩები.
რაც შვილებისთვის
გაიღო წრფელად,
არც ობლისათვის
უშურებია.
არ უნანია
არცერთი წამი,
მადლი სიკეთით
უბრუნებია.
თავადაც დიდი 
მორწმუნე ქალი,
დედისთვის რწმენა
ჩაუნერგია.

/-თავი

დედის და მამის ხსოვნას

ოცდაოთხ ზამთარს
გადაუვლია,
ოცდამეხუთე გაზაფხულია,
იასამნები ჰყვავის
ქუჩებში,
მზე ძალას იკრებს,
სიცივე იკლებს,
როგორ უხდება გააპრილება
თბილისის ქუჩებს,
სიცოცხლე კვლავ სჩქეფს.
-დედასაც გაუხარია,
კარგი სვე-ბედი სწვევია,
გულმა დაიწყო
ფრიალი,
თავი პეპელად უგვრძვნია.
მამა ყოფილა ვაჟკაცი,
 წარმოსადეგი ქართველი.
გაიკითხ-გამოიკითხეს,
როგორც ძველადა ხდებოდა.
წუნი რომ ვერა დაუდეს,
თანხმობა მისცა გამზრდელმა.
დანიშნეს წამოიყვანეს
მზითები არ დაუკლიათ.
მაყარიც დიდი ჰყოლიათ,
ჯვრისწერა მცხეთას ჰქონიათ.
ღმერთმა ინება აჩუქათ
ორი ვაჟი და გოგონა.
სიამ-ტკბობაში განლიეს,
ცხრამეტი წელი უკლებლივ.
დედაც და მამაც შემორჩა
მეხსიერებას კეთილი.
ბევრი ობოლი დაზარდეს,
ბევრს გაუკვალეს გზა-კვალი.
მეოცე გაზაფხულია,
აღდგომის წინა დღეები,
მთვარე ალვებზე წვებოდა,
ეზოში ძაღლი აყმუვლდა,
 მამიკოს
გულმა უმტყუნა გამთენიისას 
გაჩერდა.
კედლის საათიც შეჩერდა,
სარკეს ჩააცვეს ზეწრები,
მოდიან-მიდიან
ძაძებით,
მიხაკებით და 
თალხებით.
მე ჯერ ვერაფერს
 ვერ ვხვდები,
რატომ წავიდა
 მარილზე,
ღამეა,
რატომ არ ვწვებით?...
სანთელს ხატებთან
კი ვხვდები,
მაგრამ ცხვრის
თავზე?
ვერ ვხვდები...
მეც ხომ მაგზავნით
მარილზე,
ხომ მივდივარ და
ვბრუნდები...
-თუმც ისევე სცვლის
დღე-ღამეს,
ისევ მოფრინდნენ
მერცხლები,
ჩემთვის ცხოვრება 
აღარ სჩქეფს,
დაკარგა
ლაღი ფერები.
წელი-წელს მისდევს
ვიზრდები,
მიიზლაზნება ობლურად
ჩემი ბავშვობის დღეები.
დედამ სამ-სამი ობოლი,
დიდი წვალებით დაგვზარდა,
არ გაიხადა შავები,
მამა არ გადაგვავიწყა.
დღისით მამობას გვიწევდა,
ღამით წავასწარ ტიროდა.
ასე ობლობით ნაზარდი
ქრისტეს ასაკში შესული
"ნანი-ნანატრი ნანინა"
ბედმა ვაჟკაციც წაართვა.
თითქოს ცოტა 
რომ ინათა,
თითოს ცოტა რომ
გამოთბა,
ცად გაუფრინდა
ერთ წელში,
სიყრმის შვილი და
ყრმის შვილი.
ორივე ქმარს
ჩააბარა.
იმ დღიდან დედის სახესზე
ღიმილი აღარ მინახავს.
მუხლჩაუხრელი შრომაში
შვილი მეც გამაზრდევინა.
(დედა კი არა,
რკინა იყო გამობრძმედილი,
ქალი  კი არა,
ვაზი იყო,
ყლორტებ შეჭრილი,
ჟამი ნისლს ახვევდა დედას,
დედა ნისლს არ ეპუება).
არ დასცდენია
ღვთის სამდურავი,
სიბერის კართან
 იდგა მდუმარი,
კაცი არ ჰყავდა 
უმძრახი ან
 მომდურავი.
ვეღარ გუძლო ვაი-ჟამს,
დედასაც გულმა უმტყუნა.
ახლა კი უკვე 
დიდი ვარ,
ვიცი რა არის
მარილი...
-სანამ დედა მყავდა მხარში,
ზამთარიც გაზაფხულობდა.
ათი წელია 
მას შემდეგ
რაც გაზაფხული დაზამთრდა.
-თქვენს ხსოვნას გულით ვატარებ,
საფლავს არ ავაჯეჯილებ,
სანამ თქვენამდე
არ მოვალ,
სანამ, სული არ დამტოვებს!!!

პ.ს
დედა იტყოდა თვის ბედზე:
"ობლის კვერი ცხვაო და
ვეღარ გამოცხვაო".

12.12.2012წელი
დაიწერა, დედის გარდაცვალების ერთი წლის თავზე.
დარედაქტირდა და გამოქვეყნდა
12.12.2021წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი