გიორგი სუბელიანის ლექსი "გამიღე კარები, წმინდაო მარიამ!!!


ბიძაჩემის, გიორგი სუბარის ლექსი.
ციკლიდან: გიორგი სუბარის ხსოვნას.

გამიღე კარები, წმინდაო მარიამ!!!

მზე ჩასვლას აპირებს,
მეც ჩასვლას ვაპირებ.
მზე ვეღარ ჩავიდა
და ვერც მე ჩავედი.
მივყვები ჩამავალ 
მზის შუქზე ნაპირებს
და სულ შენ დაგეძებ,
დაგეძებ თვალებით.
ეს ღამეც ჩაივლის
ისე, ვით ცხოვრება
და სულში სიჩუმე
დაუკრავს მინორებს,
წავიდა, გამშორდა
ეს წუთისოფელი,
ცხოვრება ისევე 
მზაკვრულად მინელებს.
სად არის ის შენი
ცრუ დანაპირები? –
გაქრა და წავიდა -
დამთავრდა ზმანება.
სიმღერას ველოდი, 
ველოდი მუსიკას
და ხელში ქვიშა 
და კენჭები გამებნა.
გამიღე კარები,
წმინდაო მარიამ!
მინდა, რომ მუხლებით
ვემთხვიო ნაპირებს
ეს ღამეც ისევე 
მდუმარედ ირიდებს
ოცნებებს, ახდენას
რომ აღარ აპირებს.
და მე კვლავ გავყვები 
ჩემს გზას და ბილიკებს.
ერთხელაც ჩავყვინთავ
ტალღების მორევში,
გავცურავ და ეს გზა 
მე შენთან მიმიყვანს.
წმინდაო მარიამ,
გამიღე... მოვედი!

© გიორგი სუბარი (19.04.1960-23.02.2016)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი