დღე და ღამე (წერილი გალას)


დღე და ღამე
           (წერილი გალას)

ახლა როცა ამ წერილს გწერ, თაკარა მზე მიწვავს სახეს,
შუადღეა, მზის სხივები  ეფერება არემარეს.

"მესაფლავე" გავიხსენე, 
გწერ და გული მეყინება, 
სხივი მწველი მოელვარე, 
ამ სტრიქონებს ეფინება.

შევიყვარე შენი, "მერი", შევიყვარე "მე და ღამე",
ნეტავ რას გრძნობს მესაფლავე, 
ლექსად, რომ დაასაფლავე.

ამაყია ალბათ ისიც,
 უკვდავია მგონი იცის,
ღირსებია კიდევ სხვა ვის,
 წყალი ესვა უკვდავ მეფის.

იის ნაცვლად მიხაკს ყრიან, 
მეცამეტე აპრილს ტიალს,
მეც ვნატრობდი ცამეტ ტყვიას, 
იმ დენთის სუნს მამა ჰქვია.

მეც ვითხოვდი დროშის ფრიალს,
 მზეს და სხივის ნათელ ციალს,
ქვეყნად როცა ჩამობნელდა,  სამშობლოს, რომ დასცეს ელდა.

ჩამოღამდა, ჩამობნელდა,
 რუსის ჯარი ავად ღრენდა,
ფარად დროშა შევაგებეთ, 
დედა დადიანსა მღერდა.

ახლა როცა ამ წერილს გწერ, 
მზე მთაწმინდას ეწვერება,
ვხედავ, ლანდი "ლურჯა ცხენებს", 
ცისკენ როგორ ერეკება.

აგისრულდა ის სიზმარიც,
 რომ იწვევდი ცისფერ ლანდებს,   
შენ, ტატო და წერეთელი, განისვენებთ ერთად იმ მთებს.

მზის სხივები დაგთამაშებთ,
 ვით თარეში სხივი მეფის,
მტკვარი ღელავს და მეტეხში,
 რეკენ ზარებს წმინდანების.

მე საფლავსა არ ვნატრულობ, 
არც დიდება მინდა რამე,
ფერფლად მინდა მოვეყარო, საქართველოს არემარეს.

კრემაცია მოვითხოვე, შემიწყალებს ნინო წმინდა,
რომ ესტუმროს ჩემი სული, 
ყოველღამე, მაგ მთას, წმინდას.

ახლა როცა ამ წერილს გწერ, 
თან ვღიღინებ "მე და ღამე"(ს),
იდუმალი სიწყნარეა, მზე გადასცდა სიყრმის კარებს.

ცასაც ბინდი შეჰპარვია, 
დაუკარგავს სილაჟვარდე,
ბინდისფერში კვდება მზე და 
იბადება სავსე მთვარე.

 ყოველ ღამე ჯვარს იწერენ,
 დღე და ღამე, მზე და მთვარე.
შორდებიან ყოველ აისს, 
დღე და ღამე, მზე და მთვარე.

01.08.2023წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი