დედას


მოხვედი დედი?!

შუაღამისას მოხვედი, დედი...
ვიგრძენი, ნაზად თმას  მივარცხნიდი,
ეს ცხადი იყო თუ... მენატრები?
თუ მართლაც მოხველ? მე ვერ ავხსნიდი.

თვალები უფრო მაგრად დავხუჭე, 
გათენებამდე რომ ვიყოთ ერთად,
გამომეღვიძა, ხელი მოვმუჭე,
ცრემლი მახრჩობდა მომდგარი ყელთან.

ნაბიჯი მესმა ჩუმი და ნელი,
ოთახში იდგა შენი სურნელი,
ვიგრძენი როგორ შემახე ხელი,
ჩემთან იყავი ვიცი, წუხელი...

12.12.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru
------
დე…

წელში გატყდება დღეს დეკემბერი,
გავა ეს წელი ავი და მკვლელი,
ქარიან ღამეს ვესაუბრები,
ხომ არ ვიშლები, მგონი ვიშლები…
 
თოვლს ველი, მაგრამ არა ჩანს ფიფქიც,
სულს მიწიოკებს ბებერი ქარიც,
ცოტაც და მოვა წელი ახალიც,
უშენოდ დედი, 
მო... გელი დედი.

 ვზივარ ბუხართან, არა მაქვს
შეშა,
ვბუტბუტებ ლოცვას და შევთხოვ შველას,
სანთელზე ვითბობ გათოშილ თითებს,
სანთელი იწვის, სანთელი ქრება…

სანთელი დნება, მალე 
მიქრება,
ქუჩებში დაქრის წივილით
ქარი,
სულს მიწიოკებს   ჭიშკრის ჭრიალი,
ფოთოლი ტირის, ფოთოლი მიქრის.

ფოთოლიც ტირის და წივის ყავლი,
ქუჩაში დადის გვიანი მგზავრი,
შარშან ხომ მყავდი გაურიყავი,
 წელს რად დაგკარგე…
შარშან ხომ მყავდი...

მთვარე მინათებს სარკმლიდან ოთახს,
მთვარეზე შენი ლანდი დავლანდე,
ვეფერებოდი მთვარეს დილამდე,
გიპოვე, მაგრამ ისევ დაგკარგე…

ადრე ჩამიქრა დედი ბუხარი,
…და მეყინება გულის ფიცარი,
მე რომ აქ მცივა, საკუთარ სახლში,
შენ დე სამარეს როგორ ეჩვევი.

12.12.2011წელი
ნინო როსტიაშვილი
neru

---
დედას

ქუჩაში მოდის ჭაღარა ქალი,
წლების სიმძიმის ატყვია კვალი.

არ გავს დედაჩემს, მაგრამ წააგავს,
მასაც შენსავით აცვია თალხი.

   დამძიმებული ხელჩანთით მოდის,
ერთი კვირისას წააგავს მარაგს.

მისი ხელჩანთა შენსას წააგავს,
მძიმეა ტვირთი საზიდი დედის.

 წამით შეჩერდა, წელში გასწორდა,
ისევ განაგრძო გზა მძიმე ჩანთით.

დაუღალავი დედა შვილისთვის,
დამძიმებულ გზას გაუყვა ფეხით.

12.12.2012წ
ნინო როსტიაშვილი
neru
--
კალოში...

დედა მომენატრა,
ავდექი და კალოში ვიყიდე.

არაფერში  მჭირდებოდა,
მაგრამ ვიყიდე,
წავედი და შავი კალოში ვიყიდე.

დიდხანს ვარჩიე
შიდა გული წითელი, რომ ჰქონოდა.

ბოლოს სოფელში წასვლის წინ,
კალოში მთხოვა,
მაგრამ...

ხო და ახლა
ვიყიდე.

ვიყიდე და ძირები დავუხვრიტე,
როგორც ქოთანს.

დედა მომენატრა,
ავდექი და სასაფლაოზე ავედი.

ვიცოდი იქ ცივი ქვა იყო,
უფრო ღრმად კი,
 ან იყო ან არა...

მაგრამ მაინც ავედი.

კალოში მიწით ავავსე,
ავავსე და სახლში წამოვიღე.

იის ბოლქვი ჩავრგე...
დედას უყვარდა ია.

ჩავრგე და იხარა.

ცალი კალოში ლოგინის ქვეშ შევაცურე.

კარგია იმედები, რომ არ გამიცრუე...

ახლა დედა, რომ მომენატრება,
კალოშში ჩარგულ იას ვესაუბრები...

საფლავზე ასვლაზე გული ავიცრუე,
თქვენ უბრები ხართ და
არ მესაუბრებით.

მალე მოვალ, მე გეუბნებით...

მერე ხომ გამესაუბრებით?!...

09.11.2022წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი