ბარათი თბილისს
ბარათი თბილისს გნახავ! მომნატრებია ჩემი თბილისი, წუხელ სიზმარში მეზმანა ვერა, ვხეტიალობდი ვერის უბანში და მონატრება გადმომეღვარა. ფიქრებით დავალ მე შენს ქუჩებში, უცხო მხარეში ჩამძინებია, ყველა სიმღერას გულში ვღიღინებ, რაც ოდეს შენზე დაუწერიათ. უცხო მხარეში მაინც გადავრჩი, არ მაგრძნობინეს თავი ეულად, მაგრამ სასთუმალს ნამად შემოვრჩი, ღამით დაგიწერ ბარათს მალულად. რამდენი ხანიც ვერ უნდა გნახო, შენს იქით მე გზა არ მაბადია, გნახავ და მიწას ვეამბორები, ეს მიწა არის ჩემი გადია! ნეტავ უჩემოდ როგორ მაისობ? მანახა როგორ ჰყვავის ვარდები, მითხარი ხომ არ შემოგავიწყდი, ხომ არ დააკლდა თბილისს ჰანგები?! ჩემს ბილიკებზე ნეტავ ვინ დადის, შენით დატკბობას ახლა ვინ იწყებს?! ვისაც თბილისის მტვერი უგვრძნია, ის ვერასოდეს გადაგივიწყებს! 01.05.1997წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი