რით ვანუგეშო?!


რით ვანუგეშო?!

წუთისოფელის საჭვრეტელიდან
ჩამორღვევია ცას კაბის კალთა,
ჩამოიღვარა ცოდვისგან
ღვართქად,
 ღამემ სიმძიმე ცის ვეღარ მართა.

ჩამოუარა წვიმამ წყვდიადში
მარმარილოებს, დადუმებულებს,
მიუსამძიმრა: ფოთლებს, ბალახებს,
ჩაუმწვარ სანთლებს, დაღარულ ხეებს.

დახეთქა მიწა, ძვალსალაგს მისწვდა,
ბალზამის სუნი ასდის ჯერ  იმ წამს...
სამარადისოდ ქცეული ჟამის
სიჩუმეში რომ გოდებით არის.

ჯერ ისევ ისმის წივილი ქარის,
 საფლავებს შორის გიჟივით დაჰქრის,
 რით ანუგეშოს...
 ობოლი, 
ქვრივი,
დედა...?!
დედა რომელიც ძაძებში დადის...

რით ვანუგეშო...?!

19.04.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი