მამას


1986 წლის 8- აპრილს შეწყვეტილი და 
38-წელი არ გაწყვეტილი მამა-შვილობა!!!

მამას

შენი გარდასვლით გარდავიდა სხვლაში ბავშვობა, 
აპრილის რვაში შემომაცვი ჟამ-ბედშავობა.

მოვა აპრილი შემოახსნის კორდებს საკინძეს,
გამოაღვიძებს რბილობებში
 დაფსკვნილ ჭრილობას. 

გადასკდებიან ყინულები მყინვარ წვერებზე
და უშენობას შემახსენებს  კანქვეშ ცივობა.

ისე აშრევდა, ისე დაშრა სისხლი ძარღვებში,
დამშრალ ვენებზე მარილიც კი მეამებოდა.

გავა აპრილი, გაიყოლებს სიშორის ნაღველს,
აკლდამის შორის სიჩუმეებს 
წვიმა დაარღვევს.

მოვა აპრილი აფეთქდება გულში ტკივილი
და აპრილიდან აპრილამდე სული იკივლებს.

გზას გამიკვალავს იმიერში ჩონგურის ხმაც და... 
შეხვედრამდე მჭამს მოგონების გონ-გულის განცდა.

შევხვდებით როცა... დაამდება გულიც, სხეულიც,
დაივანებენ  ტანჯვისაგან ტვინთა ხვეულნი.

 ვალმოხდილივით შევცურდები სულთა სასულეთს, 
 ყოველ აპრილებს ან მაისებს ქრისტეს ვთხოვ სულ ერთს...

ჩვენს ნაკვალევზე იბიბინოს მწვანედ ჯეჯილმა
და არ დაუშვას ნარ-იონჯას გაჯეჯილება...

08.04.2024წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი