აგონია


(#ლექსიჩემია, თარგმანი არაა)
აგონია
პაექრობა თანატოსთან...
*
-"ჯერ შეიცადე, მათქმევინე ორიოდ სიტყვა"!
       (უ.შექსპირი)

ვით შევიცადო, ცხოვრებისგან ესე დაღლილი,
სჯობს რომ ღიღინით მივატოვო  ამა სოფელი,
აქ დამრჩენია სამყოფელი  უკვე აღარა,
ყოფნა, არყოფნის მოლოდინმა უკვე დამღალა.
ღალას ვიხდიდი არ მითვლიდნენ მაინც ალალად,
ამად ამაო გადაღლაა ყოფა ფარღალა,
ვაი, მეფობა სდომებია ყველას ცალსახად,
დედოფლობა კი უზენაეს სიძვა გამხდარა.
ბევრიც ეცადა აწყვეტილი ღილის დამალვას,
საღამურიდან ნაღამური დღემ ვერ დამალა.
ვერ ეკიდება ვით მაისის მთვარეზე სათლი,
ვერც ფოლაქებად გამოდგება მორგება სალტის.
ცხოვრება ყველას წუთიერად წამებში გათვლის
და როს პინაზე გადიწონის მრუდე გზას გავლილს,
ავი ზრახვებით არწყულ  სურას პირამდე ავსილს,
დამძიმებული პინი პირქვე თუ გადიწონის,
ნუგეშის ცემას ნუღარ ელის კაცი გამრთობი,
სხვისი ცხოვრებით მოთამაშე სხვისი გამზომი,
თავად გახდება მოსაკითხი ცოდვის საზომის,
ვერა უშველის, წინ დახვდება ყველა საზომით.
ასეთი მძიმე, დედამიწის მიწის სამყოფისს,
წასვლა სჯობია, აქ ყოფნითაც სუნთქვა არ მყოფნის!
-და კიდევ მეტყვი?
 შევიცადო,
ორად გაყოფილს!
*
ოდეს ცხოვრება ჩემთვის იყო ასე ძვირფასი,
კაცობრიობა მიყურებდა ირიბ ამფასით,
ტყუილს და მართალს შერჩენოდა ერთგვარი ფასი,
მქუხარე ტაშით, შერაცხული სდუმდა დარბაზი.
ეკლის გვირგვინი მეც დამადგა მხდალთა ამალამ,
ნარეკლიანი ჯავრი გულმა წვეთ-წვეთ დაცალა,
საფეთქლებიდან სისხლის დენა თმამ ვერ დამალა,
ბლანტე სისხლს ისე ეხვეოდნენ ჯერაც თაკარას,
ვით ხარ-ირემი ეწაფება წყარო ანკარას,
არ ვკანკალებდი, ვდონორობდი უფრო ალალად.
რა არ მინახავს, გაგონილი უფრო მაქვს რა არ...
ბედის განგებამ ხან უმთვარო ღამით მატარა,
ციებ-ცხელებაც კი შემყრია მძიმე მატატა,
ღმერთს ვეძებდი და შემხვედრია გზაზე სატანა,
მძიმე ხვედრია დაცლილ სულით ტანის გატანა,
მაგრამ არასდროს დამიცლია სხვისი მათარა.
მათ კი როგორაც დამინახეს არ მყავდა სწორი,
ზურგს უკან უხვად ამიგორეს, ავი და ჭორი.
რადგან სიმართლეს ვერ აუხვევ პირსა და თვალებს,
რადგან სიცრუე სიმართლითვე გადიხდის ვალებს
და რადგან ბრმათა ტყვეობასა ბევრი განუდგა,
რადგან სიმართლე სიცრუესა ფარად აღუდგა,
რადგან ბნელეთშიც კი შეაღწევს ზოგჯერ ნათელი,
იქ თვალნათელი ჩემი წილი ენთო სანთელი.
როს შემოვისხი სასურველი სხვისთვის მანტია,
როს დაინახეს ბედმა ვერას რომ ვერ მათრია,
უღელ ტეხილის ქარტეხილი  ტეხვით გავიარ,
რომ დაინახეს იანვარიც ჩემთვის მარტია,
ყველას მოუნდა ეთქვა, -მე ვარ შენი გადია.
-და კიდევ მეტყვი?
შევიცადო, 
-რომ არ მწადია?!
*
როს შეწირული ვიყუჩებდი დაუმძრახებლად,
როს გაჭირვება უთქმელობით თვალებს ახელდა,
გაბადრულ სახეს როს ელამი თვალი ამხელდა,
როს მუშტრის თვალით ეს ცხოვრება ამხედ-დამხედდა,
მაშინ მტოვებდა ყველა სული, ყველა ამხედრდა,
ყველა ყვავილი მაშინ გახმა, მაშინ გახევდა.
როს წყალი ვუსხი, როს ვაცოცხლე, ნახეს აღზევდა,
მაშინ პირშავმან მოისევდა, გულს ეცათ ელდა,
ახლა ეგ სევდა მომისევდდა გულს რომ მისერდა,
შემომაბერდა ძვალში, რბილში სევდის მესერად,
წუთისოფელი გადამექცა უკვე მერე რად...
-და კიდევ მეტყვი?
შევიცადო, 
მცირე მაქვს ხედვა?!
*
მაშ გავაგრძელებ, მოსაყოლი კიდევ მაქვს სევდა,
ოღონდ იცოდე, არ გაცხარდე არ გეცეს ელდა.
ბევრი ვიხილე ნაცნობთაც და უცხოთაც გვემა,
განკვეთილთა და გაკვეთილთა გდება, ეგე მანდ,
შტერი არა ვარ გაკვეთილად რომ არ მეგემა...
როს მომაკვდავი სარეცელზე  სულს ლევდა ევა,
როს წყალს ითხოვდა, უყურებდა მწყურვალი ყველას,
არ ეტყობოდათ სინანული და არცა ღელვა.
როს მოვისმინე, არ სმენილი სჯობდა შემყროდა,
-მიწას ამძიმებს, სამძიმარსაც ვინ გვეტყვის ენად?
-რაც რომ იცხოვრა ეყოფაო, დამეცა ელდა...
ვინ დაელოდა გაციებას, იწყეს გაყოფა,
ნამყობისა და სამყოფელის ყოფნა-არყოფნა,
-ვის ეყოფაო, თუ საწამლო გაგვიხდა ქონა?!
ქონად კი არა უქონლობის შეგვრჩება ზონა.
წამალს კი არა, წყალს ითხოვდა მარტოდენ ევა
და სული მისი სევდასა და დარდს ვერ იტევდა,
მთრთოლვარე თითებს ფალაგ-ფალანგ ფშვნეტვით იმტვრევდა.
და-ძმამ კიარა,  შვილმაც ზურგი აქცია დედას.
თვალ-ბაგით მაინც  ანიშნებდა, წამსვლელი ზეცად,
დამილოცეო, აქ მყოფელი გაჭრილი ველად,
წამსვლელს კი არა,  დამრჩენს უნდა აქ მიწად შველა.
სულის ამოსვლით მტრობა მტერსაც  კი მიუტევა.
ამდენი შური გულ-ტყავ-კანში აღარ ეტევა.
-და კიდევ მეტყვი,
შევიცადო, 
არა და ვერა!
გონი მერევა...
*
გონ არეულსა კიდევ შემრჩა ცოტა გონება
და არ ვაპირებ აქ სარეცელზე გავატარო ესე ცხოვრება,
თეთრ ბურთულებში მივაფლანგო შვილთა ქონება.
სჯობს სარეცელზე გატარებულს დროს არეული,
რომ სიმშვიდეში, სამუდამო მეწვიოს რული...
არც არასოდეს არ ვყოფილვარ ტვირთი სათრევი,
მიწის ზედა და ცისქვეშეთსა ღამეს ვათევდი,
ახლა უძლურსა სანამ ძალმიძს მსურს დასვებება,
მსურს მოვასვენო ეს ვნებული  გული ნელ-ნელა.
აჰა, თენდება, ირიჟრაჟა, ბნელს ხსნა ედება,
აღარ ვუპირებ თეთრ კედლებში სულს შეყოვნებას.
ცხრა ათეული წელიწადი უკვე შემყრია,
სიბერის ჟამი დამდგომია წლები ავყია,
ესეც ვიხილე ბედმა რკინის საწოლს მამთხვია
და სანამ ახლა  საწოლ-საწოლ სენმა მათრია,
ვისთვის სიცოცხლე, ჩემთვის კვდომა ახლა მადლია,
იქ დედა მიცდის, მე აქ ყოფნა არას მარგია...
სანამ აქ ყოფნის კელაპტარი მადლით ანთია,
მოდი თანატოს და შენ გახდი ჩემი ნათლია!

04.05.24წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru
   (ეძღვნება, ივანე მაჩაბელის ხსოვნას, რომელმაც დიდებულად თარგმნა და აამეტყველა შექსპირის ტრაგედიის გმირები.
მძიმე სენით დასნეულებული, 1898წლის 26 ივნისს 44წლის ასაკში უგზო-უკვლოდ დაიკარგა).
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი