დატირება


დატირება...

ჰეი, ჩემო ქოხსახლო!
შემოგცქერი შორიდან,
ჭერი ჩამოქცევია, 
სახლის კუთხეს მარნიდან?

მერცხალიც ვერ იკეთებს 
ბუდეს სამოსახლოსა,
უკვე გამოგიტირე,
სანამ მოველ ახლოსა.

მარჯვე კაცი დაგაკლდა,
გამრჯე, ჭერის მხურავი,
აი, ჭერმის ხეებიც 
გამხმარია ურწყავი...
 
აივანზე მოაჯირს გამოსცლია რიკული,
მარცხნივ გადაზნექილა, 
როგორც  ბაღჩის პიკული.

გამეჩხერდა ღობეც კი,
ბაბუს ხელით მოწნული,
აღარ დამხვდა კეხურა,
გული გადამეწურა.

ეზოს შედგა ბალახი,
კაციან ცხენს ჰფარავდა,
ნუღარ მკიცხავთ, ახია!
წლები უცებ გავარდა.

ასე მსურდა მე განა?
გამიფრინდა ფარვანა,
მომერია "საღათა"
გული დამიავადდა.

ყვავმა გადამიფრინა,
დამაჩხავლა ნუგეშით,
ბუდეს არ ინებებდა,
მიტოვებულ ყურეში.

მაშინ რას ვიფიქრებდი,
გიხილავდი წელს ეულს,
როცა ვერა ვწვდებოდი,
ხელით მარნის სახელურს.

მარანს შემორჩენილა
გაცრეცილი თავშალი,
თითქოს შემომეგება
ბებოს თვალი შავ-შავი...

ჰეი, ჩემო სასახლევ!
როგორ დაპატარავდი?
და რა დიდი მეგონე,
ბებოს თხილს რომ ვპარავდი...

07.07.24წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი