დავიძინებ, რომ გავიღვიძო
დავიძინებ რომ გავიღვიძო! დღეს მზეს დავასწარი გაღვიძება, მაგრამ გაღვიძებით გარდვიცვალე და რადგან ღამეს დავასწარი გათენება, მე მასზე ადრე ფერი ვიცვალე. სანამ მერცხალი აჭიკჭიკდა, სანამ აღზევდა ცაში მზე და მიწაზე მატლი, სანთელი დავანთე და მოვფინე მადლი: აზრს, სახლს, კარს, თვალს. ხევს გადაღმა ეკლესიის ზარებმა მომისწრო და არ გავუშვი სული ჯოჯოხეთში, იმედით პირი მოვიბანე. და რადგან ღამე ვინანე, ვინანავე, დილით გადიდე, გავერიდე ავსა და შავსა ზმანებასა და წყალს გავატანე. წყალს რომელიც მტკვარში ჩაიტანს და რომელიმე ბოგირს მიახეთქებს, ასე დასკდებიან დასახეთქნი, იხეთქებენ იმედის კედლები. და გავალ ქუჩაში ფერნაცვალი, ვიპოვი მამას, მოვიყვან სახლში. სავარძელში დაგვხვდება დედა და საძინებლიდან ჩვილის ტირილი, ტკბილი ნანა... დედის არა მამის ხმა მესმის. ასე ტკბილად მხოლოდ ჩემი ძმა მღეროდა ნანას, მხოლოდ მას უჭირავს ჩვილი ძე, სხვა ყველა გაიზარდა, ყველა დაფრთიანდა ეგერ! და რადგან ახლა ყველა სახში ვართ, მამა ისევ სუფრისთავშია, დედა კრესლოში, ძმა როიალთნ და ერთი მტრედი აივნის კართან. აღარასოდეს დაგშორდებით, ცოცხს ვუქნევ ეშმას გადავგვი ღამეს. და არა მარტო... და არა მარტო თქვენ, ვისი სიკვდილიც არ ვიწამე ქუჩაში რომ გავდივარ ყველას გეძებთ, ყველას გხედავთ. და რადგან გეძებთ, ეს არის ყოფა, ტვინმა არ დაუშვა თქვენი არყოფნა... ხოდა მეყოფა დაყოფა, არავითარი ვინძლო! გაუძელ გულ-ღვიძლო! დავიძინებ რომ გავიღვიძო! თუ მე ცოცხალმა ვიცვალე ფერი, გარდაცვლილთათვის იოლია უფრო ფერთაცვლა. ხო და ვიცხოვრებთ სანამ მოვკვდები, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს... ეს, ეს დროებითი სიშორეა, სიკვდილი არ არსებობს გარდაცვლილია. სიცოცხლე შეცვლილია უფრო ხანგრძლივი სიცოცხლით, წუთისოფელი სამუდამო მარადისოფლით. ამაო ოფლის ღვრა ნეტარებით, ნეტარ არიან მორწმუნენი... ვირწმუნე რომ სახლში ხართ და ყოველღამე ნაბიჯები მესმის. თქვენი სულები ჩემთან არიან, ეფინებიან მერმისს... ტირილი მესმის, იავნანა მესმის, კარის ხმა მესმის, ეს იმის ნიშანია რომ მარტო არა ვარ, ხომ გესმით! სანამ ცოცხალი ვარ თქვენც ცოცხლობთ, გარდავიცვლები და ერთად ვიქნებით, მხოლოდ სახლს შევიცვლით... 23.06.24წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი