მაპატიე ფანტელო...
მაპატიე ფანტელო… ლექსად მინდა აგამღერო, ვფიქრობ... ვინა სთქვა, რომ გაიცვითა ფრაზა... სიყვარულსა მალვა უნდა თითქოს, ცხრაკლიტურით გულის გადარაზვა. მთელი ღამე უსაშველოდ თოვდა, დათოვლილი დამხვდა ჩემი ოდა, პაემანზე დამპატიჟა ფიფქმა, მივეგებე, უარი არ მითქვამს. სისხამ დილით აივანზე დაგხვდი, დილის მადლი ცას მირონად სცვივა... ხელისგულზე ნამტირალევს ჰგავდი, დაგინანე, გული ხომ არ გტკივა...? გამიღიმე, შენი ლოცვა მაპკურე, ჩემს ღაწვებზე სიმორცხვესა კარგავ, შენი ხილვის სილამაზე მარგუნე, ჩემს მოსასხამს პეიზაჟად ქარგავ. გავიარე, კვალი ვტოვე, თოვდა... დათოვლილი დამიტოვე ოდა... ქარი ქროდა, ნაკვალევი კრთოდა... მაპატიე... უგუნური ცოდვა... მაპატიე… უგუნური ცოდვა… 17.01.2022წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი