ჯვარს არ ვიწერდით...


ჯვარს არ ვიწერდით

ჯვარს არ ვიწერდით, საუფლო სახლში,
არც ნიშანს ვდებდით, სახალხო სალხში,
მაგრამ ყოველითვის გაზაფხულობით,
გვირგვინს მადგამდი და ვზაფხულობდით.

იმ გაზაფხულის სუნი ახლაც მცემს,
ხნულებს სცვიოდა სევდა ბელტებად,
ირგვლივ უკუნი სიბნელე გვემდა, 
სიცოცხლის წყალი შემასვი ტბებად.

როცა მივეცი-საღათას ძილად,
აღარ მართობდა ბულბულის სტვენა,
შემომისახლდი, შემომხვდი თრობად, 
სისხლით ამივსე დაცლილი ვენა.

ჭირისუფლისთვის გაშლილი სუფრა,
გადააქციე მეჯლისად, ლხენად,
გამომაღვიძე როცა არ მსურდა,
ვით ძე, მეცხადე, ჩამომხსენ ურვას.

ჩემში უეცრად გამოაფხიზლე,
ბავშვის და ქალის ოცნება მთვრალი,
ის პლატონური დღეები მიყვარს,
რომ აღმადგინე ფერფლისგან, მკვდარი.

ვით დაცლილ ჭურჭელს, ეჭვით რომ ვუმზერ,
ისე გიმზერდი ეჭვიან თვალით,
მაგრამ ვერ ვპოვე, ნიშანიც კი ვერ,
საეჭვიანო სიტყვების კვალი.

...და თუ ოდესმე ეჭვმა დამტბორა,
ვით იტბორება სფაგნით* ჭაობი,
სჯობს არ მეღირსოს გამოღვიძება,
ღირსად არ ვიქცე მომსწრე თაობის.

არც ფიცი იყო, არც ხვთის კურთხევა,
იყო ცხოვრების გზების დამთხვევა,
ორი ურწმუნო, ადამ და ევა,
აკრძალულ ვაშლის სურვილით კვდება.

ჯვარს არ ვიწერდით, საუფლო სახლში
და ჭორაობდა მორწმუნე ხალხი,
შენ კი ყოველითვის გაზაფხულობით,
გვირგვინს მადგამდი და ვმარხულობდით.

03.10.23წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
სფაგნი*-ჭაობის ხავსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი