ქალთა სვლა!..


ქალთა სვლა!

იშვა გოგონა ზეციურ ლოცვით
და დედა მუხლის მოყრით კოცნიდა.

აკვანს არწევდა მშობლიურ მადლით
და პირჯვრის წერით ღამეს ათევდა.

დედამიწიდან ზეციურ რწმენით
დედაღვთისმშობელს
სანთელს უნთებდა.

და ათენებდა მომავლის რწმენით,
ზაფხულში ზამთრის წინდებს უქსოვდა.

ასეა ალბათ უხსოვარ დროდან,
დათვიც ზაფხულში შრომობს ზამთრისთვის.

და, როცა დედა გერქმევა უკვე,
ვეღარ მოიცლი შენი თავისთვის. 

ტიტინებს უკვე, ფეხი აიდგა,
პირველი ლექსიც ცოდნის ხიდია.

პირჯვარს გადასწერს დედა იმედით,
ჯვრის ძალა მტერზე უფრო დიდია!

აი, ბაღისაკენ მიდიან ხვედრით,
დედაშვილობით შებყრობილია.

უცებ გაფრინდა ეს ოთხი წელიც,
დრო სწრაფად გარბის, ულმობელია...

დარეკა უკვე პირველმა ზარმა
და საოცნებო კაბა აცვია.

 თეთრი წინსაფრით
თეთრი საყელო
და თმაზეც თეთრი ბაბთა აბია.

უშვებს დედა ხელს და მასწავლებელს 
აბარებს, როგორც სანთელს სასანთლეს.

პირჯვარს გადასწერს, რომ ცოდნის კარებს
გამოაყოლოს სიბრძნე, განაწესს.

დგას, დედა, ყოველ დილა-საღამოს 
და არ აშინებს ამინდების ცვლა.

უფლის იმედად რამ უნდ დაღალოს?!
უყურებს პირმშოს გარინდებით,  სვლას...

და აი უკვე ხვალ ხდება გუშინ,
ბედის მწერალი კი იღიმება...

გულში იხუტებს მწიფე "ატესტატს"
და უფრო დიდი კარი იღება.

უფრო ფართო და უცხო ყოველმხრივ,
გული ფრიალებს, ქრიან აფრები.

და როგორც ხდება დროში ყოველთვის,
აღარ ამშვენებს გოგოს ბაბთები.

მოდის მოარხევს გრძელ თმას წელამდე
და კაბაც წელში უჭერს სუნთქვამდე.

პირჯვარს გადასწერს დედა გასვლისას
სავალზე  ქოლგად ლოცვას აღუთქვამს.  

იდგა გოგონა  წითელი ფურცლით
და მწვანე ფოთლებს უთვლის მოკითხვას.

ფიქრით აავსო ოცნების  ქისა
და რა იცოდა გზა მომავლისა.

დაჰბერავს ქარი, ფოთლებს შეარხევს,
გამოაფხიზლებს კლდეებსა და ხევს.  

და მოდის ქალი
სიყრმის ხეხილით,
ქარი კი ქარით თმას თმენით ურხევს.

მარჯვნივ გორაა მონაშიები,
მარცხნივ ბურუსში უღელტეხილი...

და ირჩევს კაბას თეთრს, არშიებით,
შლეიფს მოარხევს ვით ქარტეხილი.

დგას გარდატეხის ნიშნის პირისპირ 
და პირჯვარს ახლა სახავს სამება.  

ხელკავით მოსდევს ღვთის საჩუქარი
და მალე ალბათ დედაც გახდება...

ზის, ღამის შუქზე აკვანს დასცქერის,
ვეღარ ეწევა დედის ლოცვები.

ახლა, გაიგო მადლი მშობლისა...
და აკვანს პირჯვარს თავად გადასწერს.

თავად ავედრებს დედას უფალს და 
მადლობას თავად უხდის ღვთისმშობელს...

და მოდის ქალი, ქალი დაღლილი,
უფლის იმედად გარდისახება.

წვიმაში, ქარში, მზეში თუ თოვლში,
ლანდი დაჰყვება დედის სახებად. 

ყველა უძილო ღამე და ცრემლი
თვალის უპეზე აისახება.

მაგრამ რისთვისაც ღირდა სიცოცხლე,
ვისთვისაც ქალი იბრძვის ქარებთან...

არ წამოსტკივდეს მას არაფერი
და დედა,  ყველა ტკივილს
აიტანს!

11.11.25წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი