მამას


“მამას”

ქუჩაში მოდის კაცი ხელჯოხით,
ო, როგორ ძლიერ წაგაგავს მამა…
თმები მიუგავს დათოვლილ მინდორს,
წარბები შავი, მერცხალის კალამს.
(შემორჩენია ახალგაზრდული)
შენ რომ გქონდა ისეთი მამა…
თვალები ოდნავ სევდიანი აქვს,
თავისებურად მისტირის წარსულს, ალბათ…
   მივესალმე და წელში გასწორდა,
არ მოელოდა უცხოსგან სალამს,
წრფელი დალოცვა გამომაყოლა,
წრფელი ღიმილი შევნიშნე იმ წამს.
  ამ ქუჩას, ხშირად ავუყვები, 
იმედით სავსე,
ისევ რომ ვნახო,
მოხუცი კაცი,
დათოვლილ თმებით…
მე ისევ ისე მივესალმები,
ის ისევ ისე დამლოცავს ალბათ…
წამით რომ მაინც გასწორდეს წელში,
წამით რომ მაინც დაგლანდო მამა…

21.10.2021წ
ნინო როსტიაშვილი
NERU

მამას

ავად გამითენდა ცამეტი
გაზაფხული,
ცამეტი აპრილი და ცამეტი
გაელვება…
იყო ასცამეტჯერ მეტი სიხარული,
ერთხელაც არ მახსოვს შენგან 
გულისტკენა.
არა…
ვტყუი ახლა…
ერთხელ მატკინე და თანაც
მოურჩენლად…
სანამ შენა მყავდი არაფრის
მეშინოდა,
მჯეროდა,
შეგეძლო ვარსკვლავის
მოწყვეტა!

ამბობდი გოგო მინდა სუფრის
გამშლელი,
ამბობდი გოგო მინდა ცრემლების
დამდენი…
სუფრა გაგიშალე მაგრამ არ იჯექი…
ცრემლები დაგადევნე
მაგრამ
სულ ამაოდ….
იმ დღიდან ვერ ვიტან ცრემლებს
და
მიხაკებს…!
იმ დღიდან ვერ ვიტან ძაძებს
და თალხკაბებს..!

კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი
მაგრამ
ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების…
შენ აღარ მისმენ ჩვეულ სიდინჯით,
შენ აღარ გესმის ჩემი ტკივილი…

08.04.1986წ
ნინო როსტიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი