ის არის,თუ...
ის არის თუ, მინდოდა ის ყოფილიყო?!... რატომ მეცნობა ეს ჭიშკარი, ან ეს ვაშლის ხე... რატომ მახსენებს ბავშვობას, ან მე ვიხსენებ... არა და მართლა მწვანე იყო იქაც ჭიშკარი და იმ ეზოშიც საზაფხულო ვაშლის ხე იყო. ვიპარებოდით ვაშლის ხეზე მარილით ხელში, თითზე ფერადი სინის ბეჭდით და მკვახე ვაშლებს კბილის მოჭრამდე დაჯღანვით ვკბეჩდით. (ჰო, დაჯღანვა და კბილის მოჭრა ხომ კარგად გახსოვს)...? მართლა ის არის თუ ძალიან ჰგავს ეზოც და კარიც? მინდა ის იყოს! და ეს კაკლის ხე... დაწენგოებულ ტუჩებს მახსენებს... რა კარგი იყო... -და დედის სახრე...? ნაწვიმარზე ფეხი, რომ ამიცდა, თუ ფეხი ამცდა... ხო მართლაც ამცდა ფეხი, ჩემთან ერთად რომ აგიცდა. მერე რამდენი ვიცინეთ და არ გვიტირია, ტალახიანი ბავშვები რომ თვალებით ვცნობდით, ერთმანეთს და შიშს, რომ გვეშინოდა სახლში ასვლის და ტლაპ-ტალახით გალუმპულნი წყაროს წყალით რომ გავილუმპეთ. მერე იმ ღამეს სიცხე მომცა, დედამ მითხრა "ანგინა" გაქვსო, მე ვერ ვხვდებოდი ეს "ანგინა" რა იყო და... ყელი მტკიოდა. დედა მახვევდა ძმრიან სახვევს... ცრემლი მდიოდა, შენ არ გიშვებდნენ ჩემს ოთახში, მე ოთახიდან... - დედა ამბობდა გადაედება... (ანგინაო) რაღაც უღმერთო მაღეჭინა მწარე ფოთოლი და მესამე დღეს დაჯღანულ სახით მჟავე ვაშლს ვჭამდით, მარილს ვაყრიდით... ნეტავ ის არის, ეს ვაშლის ხე ან ეს ჭიშკარი... ის ჭიშკარიც ხომ მწვანე იყო? ალაგ-ალაგ დაჟანგულიყო... და ეს კაკლის ხე... ნეტავ ის არის თუ მინდოდა ის ყოფილიყო, რომ მოგონება დალექილი წამოშლილიყო... 09.09.2022წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი