ბრძენი კაცია ბაბუაჩემი
ბრძენი კაცია ბაბუაჩემი! ბაბუუუ! მოვედი ბაბუ! აღმართს სანამ ავირბენ, ჭიშკარში შესვლამდე ვეძახი, მიყვარს მისი გახარება. მზიან დღეებში, განსაკუთრებით შაბათ დღეს, ეზოში ზის, ჭიშკარს გაჰყურებს. თუ ჭიშკარს გარეთ ზის, მაშინ კი მოსჩანს ქალაქიდან მომავალი გზა, მესამე მოსახვევიდან უკვე ცნობს მანქანას და ახლოს მოდის გზასთან, აღარც მე ვიწყებ შორიდან ძახილს. არადა როგორ მიყვარს, მე რომ შორიდან ვეძახი ბაბუ, ბაბუ და რომ გამომძახებს: მოხვედი ბაბუ?! შენ გენაცვალე მუხლებში, ჩემო გამხარებელო, ჩემო იმედო, ჩემო დამმარხველო. ეს უკანასკნელი სიტყვა გულზე ეკლად მესობა, მაგრამ არ ვიმჩნევ, ვუღიმი. აუჩქარებელი ნაბიჯით, მოდის ჩემსკენ ხელებგაშლილი, გულში ჩასახუტებლად, ხელიდან არ უშვებს ხელჯოხს. განა სიარული უჭირს, არა, ჩვევად აქვს ხელჯოხის ტარება, სადაც ჩამოჯდება ჯოხს უნდა დაეყრდნოს. კოკით წყაროს წყალს აუცილებლად მახვედრებს, ეს ერთერთი ნიშანია გელოდებიდიო, დღესაც ეზოში დამხვდა, გამეხარდა, შორიდანვე დავუძახე: -ბაბუუუ!!! მოვედი ბაბუ! -მოხვედი ბაბუ?! შენ გენაცვალე მუხლებში... მზიანი დღეა ბაბუ, მოდი კაკლის ჩრდილში ჩამოვსხდეთ, წყაროს წყალი დალიე ბაბუ, ასეთ წყალს ქალაქში ვერ დალევ! როგორ ხარ ბაბუ, რა ამბებია ქალაქში? -ახალი არაფერია ბაბუ, სასიკეთო განსაკუთრებით. უკან-უკან მიდის ცხოვრება, თუ ასე გაგრძელდა, არ მინდა, მაგრამ ალბათ წავალ მეც... -რას ამბობ ბაბუ, ეგ მეორედ არ თქვა, მე რას მიპირებ, იქნებ ისე დამმარხონ, მკვდარიც ვერ მნახო?! -ჯვარი გწერია ბაბუ, რას ამბობ, მალე დავბრუნდები, სამუდამოდ კი არ წავალ. -ეჰ... ბაბუ, ბევრი მინახავს წასული, მაგრამ არავინ აღარ ბრუნდება. წასული კაცი ფიქრობს ცოტასაც დავაგროვებო და ამ სიცოტავეში ბევრი დრო გადის. ამოიგდე თავიდან ეგ აზრი, აუცილებლად გამოჩნდება გამოსავალი, ცოცხალი ჩონჩხი ხორცს ყოველთვის შეისხამს, მთავარია სულიერად არ დაეცე! -ეგ ადრე იყო ბაბუ, როცა სიტყვა ფასობდა და მეგობარი მეგობრობდა... -რა გული გაგიტეხია ბაბუ, მეგობარმა ხომ არ გაწყენინა? -წყენას ვინ ჩივის... იცი ბაბუ, შენ მაინც იცი, ძნელია ჩემი წყენინება, ყველაფერს ჯერ დადებითი მხრიდან ვუყურებ და თუ გამოსავალს არ მიტოვებენ პასუხის გარეშე ვტოვებ ყველაფერს. კი მეუბნები ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამო სანამ მეგობარს უწოდებო, მაგრამ ეგრე უმეგობროდ დარჩება ადამიანი?! -რატომ ბაბუ, მეორე გამოთქმაც ხომ გასწავლე: ერთი ბოცა ღვინო დალიე, რაც ფხიზელს გულში აქვს, მთვრალს ენაზე მოადგება.(ჩაეღიმა ბაბუს, იცის ჩემი პასუხი) -რა ვქნა, სმა არ მიყვარს ბაბუ და... -მაშინ ფული ასესხე... ნუ გადაუხვიე ბაბუ საუბრიდან, გაფიცებ თავიდან ამოიგდე სამშობლოს დატოვება, თორემ მე ჯანდაბას, მართლა ჩემს თავზე კი არ ვდარდობ... გეგმები გქონდა, მიილია სექტემბერი... სად წავიდნენ შენი სურვილები? -თუ არ წავედი ბაბუ, სურვილი ოცნებად დამრჩება, არადა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვცე კრებული, ვეღარ გაბედავენ დედა მომპარონ! -აჰ, გასაგებია ბაბუ, გასაგები... ერთი წლის პენსია წინასწარ რომ ავიღო ბაბუ ხომ გეყოფა? -ეგ არც იფიქრო ბაბუ! როგორ მითხარი? ცოცხალი ჩონჩხი, ხორცს ყოველთვის შეისხავს, ხო... ხოდა შეისხავს ბაბუ, შეისხავს! როდის ყოფილა ვინმე მომეკლას? არც ოცნებას მოვკლავ ბაბუ და არც შენ მოგკლავ! წავედი ახლა ბაბუ, ჩამობნელდა, შენც შედი სახლში, აგრილდა არ გაცივდე. -კარგი ბაბუ, წადი და მეორედ აღარ გაიფიქრო სადმე წასვლა, ხომ გტკივა დედა რომ მოგპარეს? ხოდა შენ, შენს შვილს რატომ პარავ დედას?!... - ნახვამდის ბაბუ. -კეთილი მგზავრობა ბაბუ, შაბათს გელოდები იცოდე, არ მიღალატო! 15.09.2022წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი