ბრძენი კაცია, ბაბუაჩემი!
ბრძენი კაცია, ბაბუაჩემი! ...როგორც კი ბოლო მოსახვევი და ბოლო აღმართი ავიარე, ჯოხზე დაყრდნობილი ბაბუ დავლანდე. ასე იცის, კვირა დღეს დილიდან გადმოდგება გორაკზე და მელოდება. იცის რომ კვირას ვინახულებ. ღმერთმა არ ჰქნას ვერ ვინახულო, ვერ მოვახერხო კვირა დღეს მისვლა. სანამ დავურეკავ და ვეტყვი -ვერ მოვდივარ, ბაბუ. უნდა მაპატიო... გაფითრებული სახე უფრო უფითრდება, თვალებში სევდა ეღვრება, გაცრეცილი ტუჩის კუთხე უთრთის... ვიცი და ვცდილობ ყველა საქმე გადავდო. მართლაც, ბაბუს გახარებაზე, მასთან საუბარზე და მის დარიგებაზე კარგი საქმე რა უნდა იყოს?! მაგრამ ხანდახან ხდება, გადაუდებელი საქმეებიც არსებობს და სხვა გზა არაა. სიცხიანი პაციენტი, რომ დაგირეკავს, -მიშველე, ვიწვი, ბავშვს ვერ ვაჭმევ, მშიერი მრჩება, რძე მიშრება, ვერ უღალატებ, რომელიც შენს იმედად დარჩა და ხსნას შენგან ელის. ამ დროს მკვდარიც, რომ ვიყო ვცოცხლდები. ყველა საქმეს გადავდებ და გავრბივარ საშველად. -მივუახლოვდი თუ არა ეზოკარს, წელში გაიმართა ბაბუ. ოცი წლის ჯეელივით სწრაფი ნაბიჯით მომეგება, თვალები თან აუწყლიანდა თან ვარსკვლავები უთამაშებდა, ალაგ-ალაგ დანაოჭებულ ლოყებზე ალისფერმა გადაჰკრა. - მოხვედი, ბაბუ?! შენ გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, ჩემო, ობლისკვერო. რატომ შეგაგვიანდა? ნერვიულობას ვიწყებდი უკვე. -მოვედი, ბაბუ! მოვედი! ნუ ნერვიულობ ხოლმე ასე. -როგორ არ ვინერვიულო, შვილო! შენა ხარ ჩემი თვალისჩინი. გენაცვალოს ბაბუ! -კვირა კია ბაბუ, მაგრამ საცობებია ქალაქში, უკვე კვირაც აღარ ჰგავს კვირას... -მოდი ბაბუ, მოდი, თბილი დღეა, აქ ჩამოვჯდეთ, ჩემს საყვარელ კაკლის ხის ძირში, ჩემსავით ბებერი და კერკეტია, მაგრამ მოსაჭრელად მენანება, ბევრის მნახველი და ბევრის მომსწრეა, -ეს დალოცვილი. მოდი ჩვენებური წყალი დალიე, ამოისუნთქე და მომიყევი რა ხდება ქალაქს. -მოსაყოლიც არაფერია, ბაბუ... უკან-უკან მიდის ცხოვრება. -ცხოვრება უკან-უკან ვერ წავა, ბაბუ! ცხოვრება აჩქარდა, წინ მიდის და ფეხი უნდა აუწყო, არც გაასწრო და არც ჩამორჩე! -უჰ! ყოველთვის ბრძნულ აზრებს მომაყრი ხოლმე ბაბუ . ასე იოლია ფეხის აწყობა, არა ბაბუ, არაა იოლი... -ვინ გითხრა იოლიაო, ბაბუ?! ფარხმალი არ უნდა დაყარო , თორემ წყლის დალევაც არაა ეგრე იოლი! -რავი ბაბუ... რაღაც ვერ ვარ კარგად, მეც ვბერდები მგონი, ვეღარ ვუწყობ ეტყობა ამ სწრაფ სვლას ფეხს... -შენ, შენს თავს არ გავხარ, ბაბუ! არც ჩემ გაზრდილს... რა გააკეთე, რომ კარგად ყოფილიყავი? ვატყობ არაფერი! გულზე ხელი დაიდე და ცუდად ვარო. ასე კარგად ვერ გახდები, ბაბუ . შესანიშნავი შვიდეული, კარგად გახსოვს ბაბუ?! -კი, ბაბუ, მახსოვს. -ხოდა თუ გახსოვს, ისაც გეხსომება, კაცი მეჩვიდმეტე სართულიდან მოფრინავდაო და სანამ ძირს დაეცემოდა, "Пока-мис все идет хорошо"ო! -მახსოვს ბაბ! მახსოვს. -ხოდა თუ გახსოვს, მოიშორე ეგ ხელი გულიდან და არ გამაგონო! ცუდავ ვარ, ვბერდებიო... ცოცხალი სხეული, ხორცს ყოველთვის შეისხამს. ხელი გაანძრიე და გეშველება . ასე თუ გააგრძელე, გამასწრებ დაბერებაში ბაბუ და ვერაა მთლად კარგი დაბერება. ასაკით კი არ ბერდება კაცი ბაბუ?! გულით, გულით ბერდება კაცი! -ხოდა გულით არ დაბერდე, ბაბუ . -მესმის ბაბუ ! მესმის . აი მომეშვა კიდეც უკვე... შენ, რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, ბაბუ ?! -რას ამბობ ბაბუ ? შენ რომ არ მყავდე, მე რა მეშველებოდა მართლა ? შენ რომ მყავხარ და ვიცი, წამალია ჩემი სიტყვა, ეგ მაცოცხლებს, თორემ აქამდე რა მაცოცხლებდა? სანამ იცი, რომ ერთ ადამიანს მაინც სჭირდები და ეიმედები, იქამდე აზრი აქვს ცხოვრებას. აბა დაფიქრდი რამდენ ადამიანს ეიმედები?! ხოდა არ გაქვს ბაბუ, ცუდად ყოფნის დრო! -კაი ბაბუ, კაი... ჩამობნელდება მალე, წავედი ახლა. წავედი და კვირას აქ ვარ ბაბუ . -არ დაივიწყო რაც გითხარი, ბაბუ . აბა! მშვიდობის გზა მოგცეს ღმერთმა . -კარგი ბაბუ, კარგი... მშვიდობით დამხვდი, შენ არაფერზე ინერვიულო. გამიარა უკვე. ყველაფერი კარგად იქნება... -ყველაფერი კარგად იქნება! გენაცვალოს ბაბუ . 08.10.23წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი