თბილისში ვეძებდი თბილისს...
თბილისში ვეძებდი თბილისს... დილით სანამ სახლიდან გავიდოდი ამინდის პროგნოზი გადავამოწმე. მეტეოროლოგები იუწყებოდნენ მზიან და უღრუბლო დღეს. წელს აპრილისთვის მართლაც უჩვეულო სიცხე იყო, ნახევარი საუკუნე განვლიე და ასეთი ცხელი აპრილი არ მახსოვს. უმკლავებო მოსასხამით და საზაფხულო სანდლებით გავედი ქალაქში. საცობები იყო და ვიფიქრე მეტროთი უფრო სწრაფად მივიდოდი. მანქანა უახლოეს მეტროსთან გავაჩერე და მეტროში ჩავედი. ცოტა არ იყოს შევცბი. აშკარად სხვადასხვა გემოვნების ახალგაზრდები დადიან მიწის ზემოთ და მიწისქვემოთ, ან ავტომობილიდან დიდად ვერ ვამჩნევ გავლელ-გამომვლელს. არც საყურე მიკვირს და არც ტატუ, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, ყველაფერს სჭირდება შემოქმედებითი სინატიფე. აშკარად ევროპელებს უნდათ დაემსგავსონ! არადა ქართველი ჰგავდეს ქართველს არ ჯობია?! მეტროს მესამე ვაგონში შევედი, სამ ადგილიან სკამზე მთვრალი კაცი იყო წამოწოლილი, სიმთვრალე არ მიკვირს მაგრამ აშკარად "ბომჟი" იყო, ჭუჭყიანი, დაძენძილი ჩანთები იქვე ელაგა, ტალახიან ფეხებზე ჩუსტები ბინტით ჰქონდა ამოკრული. გაუსაძლისი სუნი იდგა, ჭუჭყისა და სასმელის, ერთმანეთში არეული. ვაგონის თავიდან ბოლოში გადავედი, სუნი მაინც მაწუხებდა. ზიზღი ნამდვილად არ გამჩენია, მაგრამ საცოდაობით გული ჩამეწვა. ვინ იცის როგორი ბავშვობა ჰქონდა და რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. არასოდეს განვიკითხავ არავის, პირიქით ყოველთვის ერთი ფრაზა მიტრიალებს თავში, "არავინ იცის რა ხდება ხვალ"?! შემდეგ სადგურზე ვაგონიც შევიცვალე, გეცოდებოდეს, ხომ არ ნიშნავს აიტანო აუტანელი სუნი? მეორე ვაგინში ორი ბავშვი შემოვიდა, "ციგნის" ბავშვებს ჰგავდნენ, მაგრამ თავს ვერ დავდებ, შეიძლება არც იყვნენ ბოშები, ქარულ სიმღერას გამართულად მღეროდნენ, ვისაც ჰქონდა ხურდა არ დაინანეს ჩაუყარეს ჭიქაში. შემდეგ სადგურზე ფეხმოჭრილმა კაცმა ჩამოიარა ყავარჯნით, დახმარება ითხოვა, მასაც ჩაუყარეს ვისაც რა ქონდა. შემდეგ გაჩერებაზე სუფთად ჩაცმული, წვერ გაპარსული, მოხუცებული კაცი შემოვიდა ვაგონში, საწერ-კალმებს და პლასტიკური ბარათების ჩასადებს ყიდდა, ლუკმა პური თავისი შრომით რომ მოეპოვებინა, მყიდველი არ გამოუჩნდა. გული დამწყდა, მაგრამ გამახსენდა, "ითხოვე და მოგეცემაო"! მართალი ყოფილა. არ მჭირდებოდა მაგრამ ერთი საწერკალამი ვიყიდე. საბურთალოს ხაზზე მომიწია გადაჯდომა. ერთი ხაზიდან სანამ მეორე ხაზამდე მივედი სამი უსინათლო, ორი ყრუ-მუნჯი და ერთი ფეხმოჭრილი კაცი შემხვდა, რომელსაც ფეხის "პროტეზი" მოეხსნა და ბოლო ხმაზე ითხოვდა შემწეობას. სულ თავბედი ვიწყევლე, ნოდარ დუმბაძის სიტყვები გამახსენდა, "რა მინდოდა წვენებში"! ისევ საცობში მოვხვედრილიყავი ჯობდა. -გავიფიქრე, თუ ინფარქტის გარეშე მივიდოდი სამედიცინოს მეტრო სადგურამდე, მერე მართლა აღარ მოვკვდებოდი. ჯერ სად ხარ თურმე?! ბაქანზე უსინათლო ქალი დავინახე, ფანდურით ხელში. მატარებლის ვაგონიც ჩამოდგა ბაქანზე, შევედი, ფანდურიანი ქალბატონიც შემოვიდა, სიმღერა დაიწყო. ეს ხომ ის ქალბატონი იყო 9-აპრილს "დადიანს" რომ მღეროდა? ახლოს რომ ჩამიარა დავრწმუნდი, ნამდვილად ის იყო. ძალია გამიკვირდა. ადრე კი ვიცი მოწყალებას რომ ითხოვდა, მაგრამ ავადსახსენებელი "კორონა-19" პანდემიამდე რამოდენიმე წლით ადრე, ჯერ კიდევ ტელევიზორს აქტიურად რომ ვუყურებდი, მახსოვს ნანუკას გადაცემაში ბინის გასაღებიც გადასცეს და სამსახურითაც დააკმაყოფილეს. ამბობდა, -დღეიდან ღირსეულად შევძლებ ცხოვრებასო! რა მოხდა ნეტავ? რამ აიძულა ისევ მეტროში ჩამოსვლა მოწყალების სათხოვნელად? მატარებელი მეტრო სამედიცინო ინსტიტუტის სადგურზე გაჩერდა. გადმოვედი ვაგონიდან და ნამდვილი ყბაჩამოვარდნილობა ახლა იწყებოდა თურმე. ამდენი ფერადკანიანი ახალგაზრდა თუ იყო თბილისში არ მეგონა, მეტრო სამედიცინოს სადგურზე ისინი უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე ჩვენ, ქართველები. ვერც ზრდილობით ვერ დაიკვეხნიდნენ, ნუთუ თავის სამშობლოში ასე იქცევიან?! შეუძლებელია! იქ უფრო მკაცრი ტრადიციული კანონები აქვთ, ასე ვერ მოიქცევიან. მეტროდან ცოტა კი არა კარგად გულდამძიმებული ამოვედი. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ვიფიქრე თავი დავაღწიე ხალხის საცოდაობით გამოწვეულ სევდას. წელიწადის ისეთი დროა ქალაქში გაურკვევლად რომ აცვია ხალხს. მე მოკლესახელოებიანი და საზაფხულო სანდლები, გვერდზე გამვლელს უფრო ადეკვატურად აცვია, თხელი პიჯაჯი და ფეხზეც საგაზაფხულოდ შესაფერისი ფეხსაცმელი. მიახლოებით ათი მეტრის დაშორებით გოგო შევნიშნე, რომელიც ნელნელა მიახლოვდებოდა ჯერ კიდევ ზამთრის ქურთუკი ეცვა და ფეხზეც ზამთრის "ბათინკები", მეგონა უბრალოდ ჯერ არ გამოუზაფხულებია, -მეთქი, რომ მომიახლოვდა გული ჩამეწვა. სიახლოვემ სულ სხვა შთაბეჭდილება დამიტოვა. ვფიქრობ ხელმოკლე ოჯახიდან იყო, ქურთუკი ძალიან გაცრეცილი იყო და "ბათინკი" ადგილადგილ გადახეთქილი. ოღონდ ძალიან სუფთად და კოპწიად გამოიყურებოდა... შუადღე გადასულიყო, მოიღრუბლა, არ იწვიმებს, უბრალოდ მოიღრუბლა, -გავიფიქრე. გავიფიქრე და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო... მე კი ნელა მივაბიჯებდი, გამიხარდა კიდეც რომ გაწვიმდა. ამ ყველაფერს ვაანალიზებდი და ცრემლები არ მომდიოდა, მაგრამ ჯობდა მეტირა ვიდრე გული გამსიებოდა. იცით როგორია როცა ვერ ტირი და გული გისივდება?! როცა არ გშია, მაგრამ კუჭი ისე გეწვის შიმშილზე უარესია, იმ დღის ნაჭამი ყველაფერი ერთიანად გეზიზღება და ყელში ბურთივით გაწვება... მოვდივარ წვიმაში, ვსველდები, მაგრამ სისველე არ მაწუხებს, ქუჩიდან ფიქრებით ჩემს კარადაში ვიხედები და გეგმებს ვაწყობ, თვალი მოვავლე ფიქრებით ჩემ სამოსს და გადავწყვიტე სამ-ოთხ წყვილ სამოსელს და ფეხსაცმელს დავიტოვებ, დანარჩენს ხვალ დილასვე ეკლესიის ეზოში მივიტან და დავდებ! აღარ ვიცი ხშირად უნდა ჩავიდე მიწის ქვეშ თუ საერთოდ აღარ უნდა ჩავიდე?! გავისეირნო ხანდახან ფეხით თუ ცხვირიც აღარ გადმოვყო მანქანიდან?! ამას ხომ სირაქლემას პოზიცია ქვია?! საკუთარ თავს გავუბრაზდი. ამ ფიქრებში სამსახურის კორპუსსაც მივადექი. სამსახურიდან გამოსული ისევ მეტრო სამედიცინო ინსტიტუტის სადგურზე მომიწია ჩასვლა, არქივის მხრიდან რომ ჩასასვლელია იქიდან ჩავედი, მეტროში შესასვლელი კარები რკინის გისოსებით დაკეტილი დამხვდა, ცოტა დავიბენი, მეტრო ხომ ნამდვილად ღამის თორმეტზე იკეტება საათს დავხედე 20:22- წთ-ია. ბედად სამი ახალგაზრდა გოგო მომყვებოდა უკან და ერთერთმა მამცნო, -რვა საათზე კეტავენ აქეთა ჩასასვლელს, სამედიცინო ინსტიტუტის მხრიდან მოუარეთო. არ მსმენია არასოდეს ასეთი რამ, მთელი ახალგაზრდობა მეტროთი ვსარგებლობდი. ვერანაირად ვერ მივხვდი მეტროპოლიტენის თუ თბილისის მერიის ლოგიკას... რას ვიზამდი? "თავს მაღლა ძალა არაა"! ამოვედი მიწისქვეშა გადასასვლელიდან და ფეხით ავუყევი სამედიცინო ინსტიტუტისკენ გზას, დაკეტილი მაღაზიების ვიტრინების თვალიერებით. თბილისში ვეძებდი ჩემს თბილისს მაგრამ... 20.04.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი