შინმოუსვლელი


შინმოუსვლელი 

  თბილისის ძველ უბანში, პლეხანოვისა და ტელმანის ქუჩის კვეთაზე ლამაზი, მეგობრულ-მეზობლური, იტალიური ეზო იყო.   ერთერთ მყუდრო სახლში, იმ დროისთვის შეძლებულად  წოდებულ ოჯახში, ულამაზესი გოგონა,  ჟენია (ევგენია) ცხოვრობდა.  წარმოშობით ქართლიდან იყო. ხშირად ჩადიოდა მშობლებთან ერთად სტუმრად პაპა-ბაბოსთან.
   ნახევარი პლეხანოვი ეტრფოდა თურმე ევგენიას და ყველა მის გაზრდას ელოდებოდა. ყველა ოჯახისთვის სასურველი სარძლო იყო.
  პაპა-ბაბოსთან ერთერთი სტუმრობის დროს, სოფლის მკვიდრს, ვლადიმერს, თვალი დაუდგია ევგენიასთვის. 
   თოთხმეტი წლისა მოიტაცა, ოცდაექვსი წლის ვლადიმერმა და ცოლად დაისვა. 
  ასეთი განუკითხაობა ხშირი იყო ადრე და ევგენიაც განუკითხაობის და -"რას იტყვის ხალხის" მსხვერპლი გახდა.
   ბევრი იტირა, მაგრამ მშობლებმა უკან არ წამოიყვანეს მოტაცებული ქალი.
   ვლადიმერი საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ ძალიან ხისტი, შეუვალი, მკაცრი და ჯიუტი კაცი ყოფილა.
  საბოლოოდ ძალადობით შექმნილი ოჯახი მაინც დაინგრა.
   ვლადიმერი ევგენიას რომ გაშორდა, ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავდათ. ძალადობრივი გზით  წამოიყვანა ბავშვებიც სოფელში, ვლადიმერმა.  
  მეორედ იქორწინა, ქალბატონ ანიკოზე, რომელსაც საკუთარი ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავდა. ორი შვილიც-ვაჟები, თანაცხოვრებისას შეეძინათ.
  ვლადიმერის და ანიკოს ოჯახს  არ ადგა ლხინი და მეტიც, ძალიან უჭირდათ. 
   ოც კვადრატულ მოქოხილ, მიწურ ოთახში ცხოვრობდა, ექვსი შვილით. 
   შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელთან: კარადა, ეგრედწოდებული "ბუფეტი", ოთახის შუაგულში ძველი შეშის ფეჩი  და ოთახის კუთხეებში ოთხი რკინის საწოლი იდგა.  სახლს ფარღალალა კარი ჰქონდა და როგორც გარეთ უბერავდა, ისე უბერავდა სახლშიც ქარი. 
  1942 წლის დასაწყისში, ვლადიმერი სამამულო ომში გაიწვიეს.
  დარჩა ანიკო  გაუმართავ სახლში.
ექვსი შვილით,  უიმედოდ.
     იმ დროისთვის საყოველთაო გაჭირვება იყო საქართველოში და ქართლში განსაკუთრებით. თითო-ოროლა ოჯახს თუ ულხინდა. 
   უფროსი გერი-ბიჭი თორმეტი წლის იყო, ტყეში დადიოდა ფიჩხის ასაგროვებლად და როგორც შეეძლო ეხმარებოდა დედინაცვალს. მისი და ასევე გერი, ათი წლის იყო და ეხმარებოდა დედინაცვალს შვილების გაზრდაში. დედინაცვალიც არ ანსხვავებდა შვილებს და გერებს ერთმანეთისგან.
  იმ დროისათვის როცა ვლადიმერი ომში გაიწვიეს, მასთან თანაცხოვრებისას შეძენილი უფროსი ბიჭი სამი წლის იყო, უმცროსი კი ჯერ დედის კალთასაც არ იყო მოცილებული. ანიკოს   პირველი ქორწინებიდან მოყოლილი შვილები, გოგო ექვსი წლის და ბიჭი ხუთი წლის იყო. 
 ანიკო მეცხვარის ოჯახიდან იყო და მზითევში კი გამოაყოლეს კარგი საბან-ლეიბი, ნამდვილი მატყლის, მაგრამ თავად ვერაფრის შეძენა ვერ შეძლეს, ახლად შექმნილმა ოჯახმა. არ დასცალდათ სახლის გამართვა.
  ორმოცდაათი კვადრატი ეზო-კარი ჰქონდათ სულ და საბოსტნე ეზოდ დარჩენილ ოცდაათ კვადრატში, ერთი თუთის ხე და ერთი ალუბლის ხე იდგა, ტალავერზე ას კილომდე ყურძენიც იკრიფებოდა შემოდგომობით. ეზოში
ერთი კვერცხმდებია  ქათამი და რამოდენიმე ვარია დარბოდა. 
   მშრომელი ქალი კი იყო და რაც შეეძლო, მწვანილი და ბოსტნეული კი მოჰყავდა ოცდაათ კვადრატზე, მაგრამ ექვსი შვილის სამყოფი რა უნდა მოეყვანა.
   ძმები ხშირად უგზავნიდნენ ცხვარიჭამიიდან სურსათსანოვაგეს, მაგრამ ესაც არ იყო საკმარისი. წლიდან წლამდე თავი ძვლივს გაჰქონდათ.
  სანამ ომი დაიწყებოდა ორი წლით ადრე ევგენიაც გათხოვდა და ერთი ვაჟი შეეძინა. 
    გიორგი, ევგენიას მეორე მეუღლე, მეწაღე იყო.  ქუთაისელი, წარმოსადეგი,  ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი ყოფილა. ტკბილ ენიანი, ხელგაშლილი, ცოლშვილის ერთგული. ხშირად ეტყოდა ევგენიას -გადმოიყვანე ბავშვები თბილისში, ჩვენთან იცხოვრონო. ამჯერად ნამდვილად გაუმართლა ევგენიას.
  ომამდეც და ომის დროსაც, შაბათ-კვირას აკითხავდა შვილებს ევგენია, სურსათ-სანოვაგით დატვირთული.  ტანსაცმელ-ფეხსაცმელსაც არ აკლებდა, საჭიროების მიხედვით. კეთილი ქალი იყო ევგენია და როგორც თავისი შვილებისთვის მიჰქონდა ისე შვილების და-ძმებისთვისაც იცოდა საჩუქრების მიტანა, მაგრამ წამოყვანაზე საუბარიც შეუძლებელი იყო. სიტყვა,  -"წავიყვან"- გაგონებაც არ უნდოდა ვლადიმერს.
   ომში რომ გაიწვიეს ვლადიმერი, მაშინ კიდევ ერთხელ, უფრო თამამად ითხოვა შვილების წამოყვანა, ევგენიამ.
    საკმაოდ ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ ანიკოს და ევგენიას. იმდენად ცივილური, რომ უფროსი ბიჭი რომ გარდაიცვალა, ჭირისუფალში გვერდიგვერდ ისხდნენ და ორი დედა დასტიროდა ორმოცდაათი წლის ვაჟკაცს. მათი ტირილი და მოთქმა ბუნებასაც ატირებდა, მაგრამ ანიკოსაც ეშინოდა ეტყობა მეუღლის.
  -ომიდან რომ დაბრუნდება და ბავშვები შინ არ დახვდება, ვერ დავაჯერებ, რომ მე არ გავყარე სახლიდან და თავს წამაცლისო...
  მითუმეტეს უფროსი ბიჭიც უარზე იყო, იმ მიზეზით რომ ოჯახში უფროსი კაცის მოვალეობას ასრულებდა და იძახდა, -უჩემოდ გაუჭირდება ბავშვების გაზრდაო, ანიკო დედასო. თან მამამ ომში წასვლის წინ დაუბარა, -ოჯახს შენ გაბარებო! 
  ეტყოდა ხოლმე დედას, -არ იდარდო, დაიზრდებიან ბავშვები, ომიც მორჩება, ჩამოვა მამა და მოვკიდებ ხელს ჩემ დას და გადმოვალთ შენთან, საცხოვრებლადო.
  ორივე დედა ერთნაირად უყვარდა ბიჭს და გერ დაძმებს დედმამიშვილებისგან არც ანსხვავებდა.
  სტუმრად კი ხშირად დადიოდა დედასთან თბილისში და იქაც უწევდა ძმობას პატარა ძმას. ხან კისერზე შეისვავდა და ისე აჭენავებდა ხან ფეხბურთს ეთამაშებოდა. მამინაცვალიც მამასავით შეიყვარა. 
(მამინაცვალი კიდევ ცალკე თემაა, ლეგენდებს ჰყვებოდნენ მის ადამიანობაზე).
   ერთი სული ჰქონდა იმხელა გაზრდილიყო, დედასთან გადმოსულიყო საცხოვრებლად, მოხელედ მაინც დაეწყო მუშაობა და დედინაცვალს ფინანსურადაც დახმარებოდა,  და-ძმების გაზრდაში.
     1945 წლის 9 მაისს მოსკოვის დროით 01:01წუთზე, გერმანიის დროით,  8 მაისს 23:01 წუთზე, გერმანიამ "უსიტყვო კაპიტულაციაზე"  ხელი მოაწერა.
  9 მაისს გამთენიას თბილისში რადიოთი გადმოსცეს ინფორმაცია, ომის შეწყვეტის თაობაზე.
   "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ"! 
  ერთი წელი კიდევ ელოდნენ ვლადიმერს, და ბოლოს მოვიდა ცნობა. "დაიკარგა უგზოუკვლოდ". 
    ევგენიამ შვილები თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ არასდროს აუკრძალავს შვილებისთვის, დედინაცვალთან სტუმრობა.
   შინმოუსვლელი მამის  და ომში გმირულად დაღუპულთა საღღეგრძელოს, ყოველთვის სვამდნენ, ვლადიმერის შვილები, როცა იკრიბებოდნენ. 
   ბიჭები ხშირად ხუმრობით, გამოცანასავით იტყოდნენ ხოლმე. -ჩემი ძმის ძმა, ჩემი ძმა არ არისო". 
  ოღონდ მართლა ხუმრობით, რადგან მე ვარ მომსწრე, მათი თავგადაკლული დედმამიშვილობისა!

08.05.24წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი