მზეთამზეს ხსოვნას


მზეთამზეს ხსოვნას

   ქალაქის ცენტრალურ უბნებში  იტალიურ ეზოებს ნელნელა მრავალსართულიანი კორპუსებით ანაცვლებენ. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრ უბანშია შემორჩენილი ეგრეთწოდებული იტალიური ეზოები. გარე ფასადი შელამაზებული და შიდა ფასადი ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, გული ჩაგეწვება ადამიანს.  როგორც ეს კედლებია დაბზარული ისე ნელნელა იბზარება თბილისური ურთიერთობები. ხშირად კარის მეზობლები ვერ სცნობენ ერთმანეთს. 
   ქალაქის ერთ პატარა  გარე-უბანში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ერთმანეთის ჭირი და ლხინი გულთან მიაქვთ და ისიც კი იციან ვინ რომელ საათზე იძინებს და იღვიძებს, ვინ სად მუშაობს, რომელ საათზე გადის სახლიდან და რომელ საათზე ბრუნდება სახლში,  ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი თბილისური ურთიერთობები.
    თითქოს და ჩვეულებრივად გათენდა, მზეც აღმოსავლეთიდან ამოიწვერა, უბნის მაღაზიაც თავის დროზე გააღო გულიკომ. დილის პირველ სტუმარს, მზეთამზეს ელოდა. ყოველ დილას ყავას ერთად მიირთმევდნენ. ალბათ ათას მოსაგონარს იგონებდნენ. 
   ერთი დღის სამყოფ სურსათ-სანოვაგეს გააყოლებდა ხელს მზეთამზე და მერე მეორე დილამდე ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა.
   ოთხმოცდაათ წელს მიტანებული  მზეთამზე, დარბაისელი ქალბატონი იყო. ქართული ტრადიციებით აღზრდილი და სილამაზით დაჯილდოვებული. დიდთან დიდი და პატარასთან პატარა, გაჭირვებულთა ხელის გამმართველი, ტკბილ სიტყვიანი და  უბანშიც ყველას უყვარდა. 
    ღვთისმოშიში და მაინც ცრუმორწმუნე ქალბატონი, დილა ადრიან სანთელს ანთებდა, პირჯვარს გადაიწერდა, ლოცვას წაიკითხავდა და ოთახებში საკმეველს მოატარებდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაგიდას ხელით არ გადაწმენდდა, მარილი რომ დაეპნევოდა წყალს დაასხამდა, ღამე ნაგავს არ გადაყრიდა, კატა რომ გადაურბენდა არ გაივლიდა, ცოცხს ყოველთვის კუთხეში ტარით ქვემოთ მიაყუდებდა და მრავალი ასეთი რამის სჯეროდა. 
   მუდამ შავებით შემოსილი, მგლოვიარე ქალის შთაბეჭდილებას სტოვებდა. მის სახეზეც  იშვიათად თუ დაიჭერდით ღიმილს. სიცილ-კისკისი არავის გაეგონა მისი,  მაგრამ არც ქვრივი იყო და მეტიც გათხოვილიც კი არ ყოფილა არასდროს. შვილიც კი არ ჰყავდა. 
   ერთი ძმისშვილი ჰყავდა, მაგდა, რომელზეც  მზე და მთვარე ამოსდიოდა. ძმის ოჯახს ყველაფერი რიგზე ჰქონდა და არც არანაირი გასაჭირი არ ედგათ, მაგრამ ამ უბანშიც კი სადაც ყველამ ყველაზე ყველაფერი იცოდა, არავინ იცოდა რატომ დადიოდა მზეთამზე შავებში. თუ კითხავდა ვინმე, 
   -რატომ დარჩი შინაბერაო? მარჯვენა ხელის მტევანს  დანანებით ჩაიქნევდა  და მოკლედ მიუგებდა;
  -არ იყო ეტყობა ბედი, თორემ ვინ დამასწრებდაო?!
  გულიკომ საათს დახედა, ცხრა საათი სრულდებოდა. დაგვიანება არ სჩვეოდა მზეთამზეს. არც წინა  დღეებში დაუჩივლია რომ რამე აწუხებდა, მაგრამ გულმა მაინც რეჩხი უყო. 
   ტელეფონზე გადაურეკა, ტელეფონიც რომ არ აიღო, მაღაზიის კარი ურდულით გადაკეტა და  სახლში მიაკითხა.
   კარი ღია იყო. ისედაც იცოდა გულიკომ რომ მზეთამზე კარებს არ კეტავდა. იძახდა,  -აქეთ თუ ვინმე მომიტანს რამეს თორემ ჩემგან ვინ რა უნდა წაიღოსო. 
  კარის შეღებისას პირველი რაც ცუდად ენიშნა საკმეველის სუნი არ გამოვიდა სახლიდან. სამზარეულოშიც არ დაუხვდა მასპინძელი და საძინებელში შეიხედა.
    იწვა გაქათქათებულ საწოლში მზეთამზე და ვერ მოსწრებოდა მზის ამოსვლას. 
   სასწრაფოდ სასწრაფოში გადარეკა გულიკომ, მაგრამ დაგვიანებული იყო. როგორც სასწრაფოს ექიმმა თქვა,  ხუთი-ექვსი საათის გარდაცვლილი იქნებოდა.  -დიაგნოზი, იშემიური ინსულტი. 
   საწოლის ბოლოში სკამზე წინასწარ გამზადებული ახალთახალი თეთრი კაბა იყო გადაკიდებული. (არავინ იცის იქნებ ყოველ ღამე გადაკიდებდა სკამზე და დილით ისევ კარადაში ინახავდა).
საწოლის თავთან პატარა ტუმბოზე წყლის ჭიქა ედგა, ნახევრად სავსე და იქვე გადაშლილი უბის წიგნაკი იდო. 
   თვალი გააპარა გულიკომ, დარცხვენით, მაგრამ მაინც ამოიკითხა.
          მაგდას!

 როცა ჩემი იმ ქვეყნად გამგზავრების ჟამი დადგება, თეთრი კაბა ჩამაცვით და ისე გამაცილეთ...
   რადგან წერილი მაგდას ეკუთვნოდა მაინც მოერიდა გულიკოს და კითხვა აღარ გააგრძელა.
    სამი დღის მერე, სამშაბათ დღეს, თეთრ კაბაში გამოწყობილი მზეთამზე, ნათესავებმა და მთელმა უბანმა გააცილეს უკანასკნელ გზაზე. 
    დაბრუნდა მაგდა დაცარიელებულ სახლში. მამიდას დატოვებული უბის წიგნაკი გადაშალა და კიდევ ერთხელ გადაიკითხა.
   პირველ გვერდზე ეწერა, მაგდას...
    მეორე გვერდზე ძმას...
   მესამეზე რძალს...
   კიდევ რამოდენიმე ადამიანისთვის ჰქონდა მომცრო ჩანაწერი დატოვებული და არც გულიკო დავიწყებია.
    მეორე დღეს მაგდამ გულიკო დეიდას დაუძახა. ყავით გაუმასპინძლდა და გადაშლილი უბის წიგნაკი მაგიდაზე დაუდო. 
   დახედა გულიკომ და თვალებს არ დაუჯერა, წიგნაკი ჯერ გულზე მიიხუტა, თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და ჩურჩულით, მაგრამ გასაგებად დაიწყო კითხვა.
     გულიკოს!

  მეგობარო, ვიცი რამდენჯერ იკვნიტე ტუჩზე და ენაზე მომდგარი კითხვა პირიდან არ ამოუშვი. გადაკვრით კი ბევრჯერ გიკითხავს, -რატომ არ გათხოვდიო? და მეც ერთიდაიგივეს გპასუხობდი. რეალობა კი სულ სხვა იყო.
    სამჯერ მეწვია ცხოვრებაში ბედი და სამჯერვე ქორწინებამდე დავქვრივდი.   
   პირველად ოცი  წლისას მეწვია ბედი და როცა მეგონა ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნებოდი ქვეყანაზე, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე თბილისის ზღვაზე ავიდნენ ბიჭები სათევზაოდ.  სექტემბრისთვის უჩვეულო ცხელი დღე იყო. ცოტა ლუდი დაულევიათ. გასაგრილებლად წყალში შესულა, ფეხზე წყალმცენარეები მოხვევია და ადგილზე გაჩერებია გული...
   ხუთი წლის მერე ისევ მეწვია სიყვარული. უარი არ მითქვამს. განცხადება შევიტანეთ ქორწინების სახლში. ერთი თვის თავზე ჩავნიშნეთ ქორწილიც და ჯვრისწერაც. უცაბედად თავის ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა. ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია აღმოჩნდა. ერთი თვეც ვერ იცოცხლა დიაგნოზიდან...
  ათი წლის მანძილზე სათოფეზე არავის ვიკარებდი, მაგრამ ოცდათხუთმეტი წლის ასაკში, ვერ ვიტყვი დიდი სიყვარული მეწვია თუ არა, მაგრამ იყო სიმპატიები და ურთიერთგაგება. გადაწყვეტილება მივიღე, მესამე და სამართალი. 
   ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი გახლდა ჩემი რჩეული. სპორტული აღნაგობის,  კარგად აღზრდილი, განათლებული, კარგი მანერებით. 
   ერთ საღამოს, როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა,  დაუნახავს ორი მთვრალი ბიჭი  გოგონას აწუხებდა. გოგონა ვეღარ იგერიებდა თურმე მთვრალ კაცებს. რატომღაც იმ დროისათვის ქუჩაზე გამვლელ-გამომვლელი არავინ აღმოჩნდა. არც დაფიქრებულა ისე გადაუჭრია ქუჩა. (საუბარს ალბათ აზრიც არ ჰქონდა მთვრალ კაცებთან).  გოგონა გამოუგლეჯია გადამთვრალი ბიჭებისთვის და გამწარებულს ორივენი ქეჩოთი აუწევია, თავები ერთმანეთზე მიახლევინა და მოწყვეტიდ დასცა მიწაზე. გოგონას ხელკავი გამოსდო და დააწყნარა; -სახლში მიგაცილებთო. უთქვამს თავაზიანად. ოცი მეტრიც არ ექნებოდათ გავლილი, გოგონას ხელკავიდან გაუსხლტა და უცბად ჩაკეცილა მუხლებში. წამებში სისხლის გუბე დადგა ასფალტზე. იდგა გაოგნებული გოგო და ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა. არ ვიცით ვინ გამოიძახა სასწრაფო, რადგან გოგონას არაფერი ახსოვდა.
    როგორც მერე სამედიცინო ექსპერტმა დაასკვნა, უკნიდან მიპარვით ღვიძლში დაუჭრიათ ცივი იარაღით და საავადმყოფომდე ვერ მიუღწევია ცოცხალს.
   დამნაშავეები მიიმალნენ. რადგან ღამე იყო გოგონაც ვერ აღწერდა სახეებს. არც მოწმეები იყვნენ.
     იმ დღის მერე შავები აღარ გამიხდია!

30.04.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი