აღსარება
აღსარება შუადღის თაკარა მზის გულზე მივაბიჯებდი ხალხით სავსე ქუჩაში. რატომღაც ავიკვიატე სიტყვები, "დედამიწა ბრუნავს, დედამიწა ბრუნავს"! არადა ამ სიტყვებისთვის კოცონზე დაწვეს ჯორდანო ბრუნო... მოვაბიჯებდი მშვიდად, არ მაწუხებდა სიცხე, რადგან ჩემი ცოდვის გამოსასყიდად სინანულის კენჭებით ნაგროვებ მიტევების ტაძარს ვაგებდი და ვიცი, დღეს კოცონზე ხალხს აღარ წვავენ... თეთრებში ჩაცმული კაცი მოადგა ამ ჩემი სინანულის კენჭებით ნაშენებ საყდარს, მიმინგრ-მომინგრია, როგორ გაბედე სინანულის კენჭებით საყდრის აშენებაო?! უკან ხელჯოხიანი კაცი ედგა, თავი დაუკრა დასტურის ნიშნად და როგორც შეძლო ერთი-ორი მოუქნია საყდარს. უცბად ჩამობნელდა, მზის დაბნელება მეგონა, წამით ცა ჩამოიქცა. -უფალო, შემინდე და შემიწყალე! უფალო შეუნდე და შეიწყალე, რათა არ იციან რას სჩადიან! ვლოცულობდი. ჩემი სინანულის კენჭებით აშენებული საყდარი დამინგრიეს და მარტო ცოდვა დაინახეს ჰაერში გამოკიდებული. მომიახლოვდა მადლიანი მთა და მანუგეშა: -ყველა იმას ხედავს რისი დანახვაც სურსო, შენი სინანულის კენჭების ტკივილი მიწაზე გაბნეული ხალხამდე მაინც მივა და გაკვეთილი იქნება ზოგისთვის, უკვალოდ არ ჩაივლისო, ყოველთვის იპოვე ძალა და შენი საყდარი დაიცავიო! დანგრეული საყდრიდან, სიბნელეში შორს მხოლოდ ერთი ნათელი წერტილი მოსჩანდა და ორიენტაციით გავყევი გზას. ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი ქუჩას, არ ვჩქარობდი. მივუახლოვდი, ეკლესიის გუმბათი ანათებდა თურმე, ეკლესიის ეზოში შევედი და საღებავ გადაცლილ ძველ სკამზე ჩამოვჯექი. მივხვდი დრო იყო ჩვენი გასაუბრებისა. დიდი ხანია აღარ გვისაუბრია. -ყოველთვის შენთან ვარ და შენ ყოველთვის მესაუბრები, ნუ გგონია თუ პირადად არ მომმართავ დაფარულია რამე. მე ყველგან ვარ და ყველაფერს ვხედავ! -ამ სიბნელეშიც ყველაფერს ხედავ? -სიბნელეში უფრო მეტს ვხედავ და ამ დროს უფრო ფეხდაფეხ მივყვები უბრალო მოკვდავთ, რათა გზა არ აერიოთ! -ხედავდი სინანულის კენჭებით ნაშენები საყდარი, როგორ დამინგრია თეთრებით შემოსილმა და ხელჯოხიანმა კაცმა? მე შენი მოწაფე მეგონა და საყდრის კარი გავუღე, შენდობა ვთხოვე, მას კი შენი სიტყვები არც გახსენებია, "პირველმა ქვა იმან ესროლოს ვინც უცოდველია", ისე განმიკითხა და რისთვის? ჩემი უგუნურობით ბევრჯერ რომ გისაყვედურე, აღსარება ხმამაღლა რომ ვთქვი, მივხვდი ჩემს უგუნურობას და სინანულის კენჭებით ვაშენე საყდარი. ხმამაღლა გიჟივით ვყვიროდი, მაპატიე უფალო შეცოდებანი ჩემი, რაიც გადამავიწყა სასოწარკვეთილებამ, შემინდე უფალო! ამისთვის მისაყვედურა, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... -განა ყველას ვისაც თეთრები მოსავს აღსარება უნდა უთხრა?! განა თავად მოწაფემ არ გამცა ამბორით?! სამოსელის ფერი არ ნიშნავს სულის სიწმინდეს და გონის სინათლეს. არასდროს გაბრაზდე უგუნურებზე და არც განიკითხო, მე ყვეგან ვარ და ყველასთან, არ დაივიწყო! -ვიცი და ამიტომაც ვარ მშვიდად, ვიცი არ მიმატოვებ და ვიცი ყოველი ჩემი უგუნური საყვედური მომიტევე, რათა შევიცანი უგუნურიბანი ჩემი. -შეუცნობელია გზანი უფლისანი და ამ გზაზე ყველა მოკვდავი უშვებს შეცდომას. ვინც გულით მოინანიებს და სინანულში ჩავარდება ყველას მიეტევება! მზემ გამოანათა და ისევ გაათბო დედამიწა, დავტოვე სიმძიმე, წამოვედი და მომყვებოდა შენი სიტყვები, "ყოველი სიტყვა აღსარებად თქმული სინანულისა მიეტევება მოკვდავს"! ისევ ავაშენებ სინანულის კენჭებით საყდარს! 24.04.24წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი