ფინჯან ყავაზე _3 (პუბლიცისტური მოთხრობა)
ფინჯან ყავაზე
(პუბლიცისტური მოთხრობა)
ერთი ფინჯანი ყავის დასალევად ჩამოსხდებიან მეგობრები და ხუთწუთიანი ჩამოსხდომა ხან ერთ საათს გასტანს, ხან მეტსაც.
ასე იყო ორი სექტემბრის მზიან დღესაც, ორი მეგობარი, ფართო და მზით გამთბარ აივანზე კომფოტულ დივანზე ჩამოვსხედით, ყავის დასალევად.
ვისაუბრეთ ყოფიერებაზე, წარსულზე, მომავალზე. ჩვენ ვინ გვკითხავს, მაგრამ ქვეყნის ბედზეც...
ხშირად არ ემთხვევა ჩვენი აზრები, განსაკუთრებით პოლიტიკაზე, მაგრამ ამას არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენი მეგობრობისთვის,
"ორივე, ბედკრული საქართველოს შვილები ვართ"...
დიდხანს ვისაუბრეთ თავისუფლების ცნებაზე. მე ვფიქრობ და ასეც არის; ადამიანი შეიძლება საპატიმროშიც იყოს თავისუფალი და თავისუფალ ქვეყანაში კი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს თავისუფლება დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის, რწმენის და სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაშიც კი…
ადამიანს შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს დღეს, მაგრამ მომავლის იმედი არასოდეს კვდება, მაგრამ არ შეიძლება ღალატი, რადგან მოღალატის მიმართ იკარგება ნდობა და ნდობა ქრისტე არაა, რომ აღდგეს!
სიტყვამ მოიტანა და სიყვარულის ამოუხსნელ ფენომენზეც ვისაუბრეთ.
-ნერუ, რა არის მართლაც სიყვარული, ამოუხსნელი და მაინც ყველაზე დიდი, დიდი და ფართო მცნების გრძნობაა. ხომ შეიძლება უბრალოდ ხე გიყვარდეს ან თმის სამაგრი, რაც შენი ცხოვრების ნაწილი ხდება ხომ ყველაფერი გიყვარდება?
-ამ კითხვაზე არასოდეს ვფიქრობ. პასუხი დიდი ხნის წინ გავეცი და არასოდეს შემიცვლია აზრი.
თუ იცი რატომ გიყვარს ნიშანდობრივად, ეს უკვე სიყვარული არ არის! სამშობლო, სარწმუნოება და საყვარელი ადამიანები, ეს სამი რამაა ცხოვრებაში, რომელიც არაფერზე არ იცვლება და არ იყიდება, რადგან სულიერი სიყვარულია და არა მატერიალური!
კი, ბევრი შემომდავებია, მაგრამ მე აზრს არ ვიცვლი!
თმის სამაგრის სიყვარული მატერიალიზმია და მატერიალიზმი ვერასოდეს იქნება ის სიყვარული, რომელსაც ვერაფერში გაცვლი. მაგალითად, საყვარელმა ადამიანმა, რომ გთხოვოს ხომ აჩუქებ თმის სამაგრს ან მისი სიცოცხლის გადასარჩენად ხომ გაყიდი დაუფიქრებლად? ხე? ხესაც ხომ დათმობდი საყვარელი ადამიანის გულისთვის. ბოლოს და ბოლოს ბავშვობის სახლს თმობს ქალი, საყვარელი ადამიანის გულისთვის. აი, საყვარელ ადამიანს ხომ ვერ დათმობ და პირიქით, მისთვის დათმობ ამ ყველაფერს. სამშობლო და სარწმუნოება ხომ ჩანასახიდან დაგყვა და მათი გაცვლა სისხლიდან დაცლას ნიშნავს, ადამიანი კი უსისხლოდ ვერ იცოცხლებს!
ამიტომაა სიყვარული აუხსნელი, ამოუცნობი. როგორც ყველა ადამიანი არაა ადამიანი, ისე ყველას არ შეუძლია სიყვარული.
-დიდმა ილიამაც ხომ გაგვაფრთხილა და დაგვიტოვა, "კაცია ადამიანი"?!
-დიახ, ბატონო, ასეა!
სიყვარული ერთგულებაა, ატანაა, გატანაა, ურთიერთგაგებაა, "ჭირსა შიგან გამაგრებაა" სამშობლოსი და სამშობლოსათვის, რწმენისა და სარწმუნოებისათვის, მოყვასისა და მოყვასისათვის, “რუსეთუმობაში” არ ჩამომართვა და
ასეთ ადამიანებზე კი რუსებს აქვთ კარგად ნათქვამი, "Человек с большой буквы"!
-ნერუ, ისე, ეგენი სახელს, გვარს და მამის სახელს ყოველთვის დიდი ასოთი წერენ და ჩვენ, ქართველებს რატომ არა გვაქვს დიდი და პატარა ასოები?
ვიცინი…
-რა თქმა უნდა, ეს წინადადება სხვა რამეს გამოხატავს, მაგრამ კარგი კითხვაა. მარტო რუსებს კი არა, მთელ ევროპას და ამერიკასაც ანუ ლათინურიდან წამოსული დამწერლობა ვისაც ააქვს, ყველა ანბანშია დიდი და პატარა ასოები.
ჩვენც გვქონდა ასომთავრულში და ნუსხურში დიდი და პატარა ასოები, მხედრული დაიხვეწა და მიხვდნენ ქართველები, კერძოდ სულმნათი _ფარნავაზ მეფე, რომ ქართული ენა და ასოები თავადაა დიდი და დიდებული, ყველა ასო დიდია და პატარა ასოებს არ საჭიროებს.
-ე.ი. ყველა სიტყვას დიდი ასოთი ვწერთ!
- XVIII საუკუნის ოციან წლებში ნიკოლოზ ორბელიანს, სულხან-საბა ორბელიანის ძმას ჰქონდა მცდელობა, რომ მხედრულში შემოეღო დიდი და პატარა ასოები, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში ვერ დამკვიდრდა.
-ძალიანაც კარგი! ჩვენი დამწერლობა ხომ ამითაც გამოირჩევა მსოფლიოში!
- დიახ, გამოირჩევა და ეს იუნესკომ დაგვიმტკიცა, 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ, ქართული დამწერლობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
-მართალი ხარ!
-ვიცი, რომ მართალი ვარ!
ან, ამდენი სახის დამწერლობა ვის აქვს, იცი, რომ წინა საუკუნეებში "დედაბრული ხელის" დამწერლობაც გვქონდა.
-”დედაბრული ხელი”? ნამდვილად არ ვიცოდი. რას არ გაიგებს კაცი შენგან?!
-დიახ, გეთაყვა,
"დედაბრული ხელი" — ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა. რომლითაც ძირითადად ქალები სარგებლობდნენ და ამიტომ ეწოდა "დედაბრული ხელი". ამის მერე გეცოდინება. ასეთი მდიდრები ვართ ქართველები და ვაი, რომ ზოგჯერ არც ვაფასებთ.
ხომ იცი, რა თქვა მუხრანმა?
"ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა"!
ხოდა კი იცი, ზღვა რომ უკიდეგანო და ღრმაა...
02.09.25წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი