ასე ვინ შეგიყვარებს


ღმერთო, მე რომ მიყვარდი,
ღმერთო, მე რომ გეძებდი...
ტბის ნაპირას, ტივტივით,
მტანჯველ ტრფობით ვეწამე,
ჟივჟივებდა ჟამიჟამ
მარადიულ ედემში
ზღაპარს გამოპარული
ჩემი ჩიტი კესანე.
თრთოდნენ ცრემლის თრთვილები,
თეთრად ჩანდა წვერი მთის
და ღრუბლებზე მეტადაც
გულს ავსებდნენ წვიმები,
მწამდა ნების გარეშე
კარგვა თითო ღერი თმის,
ახლა ნებაც აღარ მწამს,
არც თმას ვეღიმილები.
დუღდა დარდის დროება, 
როგორც ღამე უკუნი,
წიკწიკებდენ წამები
და მწყუროდი წყალივით,
იდგა ლექსით მოვაჭრე
თითქმის სხვა საუკუნე,
ველზე ყელყელაობდა
ჩემი სულის ყვავილი...
როგორც ნაშთი წარსულის,
თვლემდა თუნგი წყაროზე,
ეჭვის ჭია მჭმუნვარე 
ახლოს არ მივიკარე...
თითქოს ჩუმი სათქმელი
შემორჩათ კვიპაროსებს...
ღმერთო, მე რომ მიყვარდი,
ასე ვინ შეგიყვარებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი