ამინდი


ნისლის ქულაჯებს - დაბნეულ ბატკნებს
ცისკენ გარეკავს მთვარე - მეცხვარე,
მთები -  ბალღები დგანან და ნატკენ
მუხლისთავს მლაშე ცრემლით რეცხავენ...
მზე, ალბათ, დაისს ანდობს საწუხარს:
"ცხოვრება მხოლოდ კიბე როდია...
ათას კაცში რომ მაინც მარტო ხარ,
ესაა დრამაც და პაროდიაც"...
ამ მთებს, ამ ქედებს შეათრობს ბინდი -
გარდაუვალი, როგორც ფინალი,
ურემი მაინც მიდის და მიდის
და განმკითხველი არავინ არი,
რომ გზა დაკარგა და ბნელ ღამეში
ჭაობს და ჭანჭრობს ვერ გასცდა ღალღა...
რომ დედამიწა - ზანტი კამეჩი
წევს და იცოხნის საწუთროს ბალღამს. 
 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი