ემიგრანტი დედის წერილი
იყო და არა იყო რა და, სადღაც, მეც ვიყავ… ჩემი ვარსკვლავიც გასრიალდა ცაზე და შედგა. წყალს გაყოლილი სიზმრებივით შემომეჩვია, ამბავი ჩვენი - მოლოდინის უღონო ფეთქვა: რომ გამოვტოვე ყველაფერი, რაც კი მიყვარდა: შენი დედობა, ბავშვობა და დიდობა შენი… კონტინენტიდან კონტინენტზე გასარიყავად, სულო ცოდვილო, მიმეტებდა, თურმე, გამჩენი. აქ რომ მწუხრია, შენთან - დღეა, განა, ძნელია! დედაკაცობის ხვედრი, ალბათ, არის ამგვარი: რაგინდ გიმძიმდეს, გვირილები მაინც გელიან, რაგინდ გილხინდეს - სულ თან გახლავს დარდის ამქარი… მეგონა, მეტსაც გავუძლებდი… მე კი დავნებდი და შორი გზები ვამჯობინე ეიფორიას, ფიქრებს ვწეწავდი საჩეჩელზე გვიან ღამემდე, კეთროვანივით გავურბოდი დედურ ფორიაქს… როგორ გაზრდილხარ… დრო გადის და სულიც ბერდება, დამიგვიანდა, დაიშრიტა ღიმი საშენო, და სისხლის წვეთი, ჭიპლარში რომ სევდად შედედდა, ვცდილობ, სიტყვებად ვაქციო და გულად გაჩვენო… ხმას ასე გაწვდენ - სხვა ხმელეთის უცხო ხიზანი… ეს მერამდენე განგაშია… წერას მიშლიან… გადაიკითხე, ჩემს შრიალა ფიქრებს გიგზავნი, ისევ განგაში… აქ ისვრიან… რა დროს შიშია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი