შენამდე შორია
შენამდე შორია, მითხრეს და მჯერა მეც. და მაინც, დავადექ თვალუწვდენ შარაგზას, მო, ხელი ჩამავლე და სულის მენავედ გამიძეხ. გენდობი, მოგყვები მხარდამხარ... დაგვიფენს ბილიკებს ნოემბრის ფოთლები, ყვითელი ფიქრია ეს ჩუმი შრიალიც, ჩამოვსხდეთ და სულაც დუმილით მოვყვები აქამდე რა გზებით, რა ზღვებით ვიარე. არც სახელს ვატარებ, სამოსიც ძველია, და ჩემი საზრდოა სიტყვების ხმიადი, არ ვჩქარობ. აღარსად, აღარსად მელიან. იქ, სადაც მელოდნენ, მე დავაგვიანე. ახლა კი შორია შენამდეც, სახლამდეც, ერთ ხელის გაწვდენად - მზეა და სინათლე, დავსხდეთ და გიამბობ, გიამბობ წასვლამდე აქამდე ვერავის განდობილ სიმართლეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი