"ელი,ელი,ლამა საბაქთანი!"


"ელი, ელი, ლამა საბაქთანი!"
მინდვრად ყაყაჩოთა ბრიალია,
აღარც - მზეა, აღარც - სამართალი,
ეგებ, უკვე ლოცვაც გვიანია.
ბინდიც სხვანაირად მწუხარეა,
როგორც - კელაპტრების ნაღვენთები,
სიტყვას დაჰკარგვია მქუხარება,
ფიქრებს - ძველებური დაფეთება.
ისევ წრფელი ცრემლის მოიმედედ
დგანან გარინდული ტირიფები,
ურცხვად ლიცლიცებენ მოედნებზე
გროშზე გაყიდული ღიმილები.
ახლა ყველაფერი სულ ერთია,
"ელი, ელი, ლამა საბაქთანი!"
ხრიოკს დათესილი სიკეთე და
ხნარცვად მოწეული სამართალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი