როდემდე
გვერდით მეჯდა, სიფრიფანა თითებს შორის სკვნილს ატრიალებდა. მატარებლის გამაყრუებელ ხმაურში ძნელად გასარჩევი იყო: ღიღინებდა თუ გალობდა... გრძელ, ჩამოშვებულ წვერს ნახევრად უფარავდა პირბადე. მივდიოდით ასე, ერთმანეთისთვის უცნობები, გრძელი გზა გვედო. დგანდგარებდნენ ვაგონები, თუმცა ვიგრძენი, რა უჩუმრად ჩამოიარა მგზავრებს შორის მაღალმა ღმერთმა, გლახაკის პეშვით სიყვარული ჩამოატარა და გასვლისას კალთა დაიფერთხა... სკვნილი შეჰყინვოდა გამხდარ თითებს. სხვა არაფერს ვინატრებდი, ოღონდ წამით მობრუნებულიყო ის ხმელ-ხმელი მოხუცი და ეთქვა: "ადექი, გეპატია შენი ცოდვები"... მატარებელი მიქროდა და სამყაროს ხმაურს ერთვოდა ჩემი საფიქრალიც: "როდემდე?.. "
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი