მამაჩემი
ბავშვობაში, დაისი რომ მოახლოვდებოდა, ჩემი სოფლის ერთ გორაკზე, ამოჩემებული ადგილიდან, მზეს ვაცილებდი და, მასთან ერთად, ფიქრებსაც, წარსულსაც, ხანდახან - მამაჩემსაც, მანქანით ქალაქისკენ მიმავალს. გავაყოლებდი ყველა ნატვრას და გულში ველაპარაკებოდი. ვიცოდი, დაბრუნდებოდნენ - სხვა მხრიდან, სხვა ბილიკით, მაგრამ - მაინც… დაბრუნდებოდნენ მზეც და მამაჩემიც, და გათენდებოდა. ამასობაში წლები დაშრევდნენ ჩემი სოფლის გზებზე, ქვები დახავსდნენ, კარგა ხანია, არც მამას ამოუვლია ეს აღმართი. მზე ისევ მზეობდა და მე მამაჩემს ვეძებდი სულ, ნაკლული სასმისივით ვიწუნებდი უიმისო დღეებს, ველოდი, ველოდი: სხვების თვალებში, გულში, პეშვსა და სიტყვაში. არსად იყო და ყველგან იყო მამაჩემი, და მეც თავგზა მერეოდა, ვიყვარებდი და ვიძულებდი. ამასობაში ცხოვრება გავიდა. გვიან მივხვდი, რომ მზეს ვერ დავეწევი. ის ისევ ივლის და ჩასვლისას შარაგზებს ოქროსფრად მოავარაყებს, მამაჩემი კი აღარ მოვა. აღარ მოვა სიყვარულიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი