ბალადა ახრჩოლებულ ვაგონზე (ალექსანდრ კოჩეტკოვი)


-	ძვირფასო ჩემო, რა საწყენია,
მიწას ვერთვოდე,   ტოტებს ვეწვნოდე, 
ძვირფასო ჩემო, რა საწყენია, 
დაუნდობელი მლახვრავდეს ბედი...
ჭრილობას გულზე რომ დამჩენია,
ვერ გაამთელებს ცრემლი, იცოდე,
ჭრილობას გულზე რომ დამჩენია,
ვიამებ სულში ნაღვენთი სევდით…

- ვიცოცხლებ ვიდრე, ვიქნები შენთან
განუყოფელი  სული  სხეულთან,
ვიცოცხლებ ვიდრე, ვიქნები, შენთან
ადევნებული სიყვარულს ჩრდილი,
შენ კი, ძვირფასო, ატარე მუდამ,
თან წაიყოლე ყოველთვის, ყველგან,
თან წაიყოლე ყოველთვის, ყველგან,
მიწა მშობელი და სახლი ტკბილი...

-	ვერ დავემალო, იქნებ, ვერასგზით,
სენს უძლეველს  და  წუხილს უსაზღვროს,
ვერ დავემალო, იქნებ, ვერასგზით,
სიცივისა და სიბნელის სევდას...
-	გნახავ უთუოდ განშორებამდე,
არ დამივიწყო, ოღონდ, ძვირფასო,
გნახავ უთუოდ განშორებამდე,
მერე დავბრუნდეთ, დავბრუნდეთ ერთად... 

-	მაგრამ უკვალოდ თუკი გავქრები,
როგორც აისის სხივი ფრთამალი,  
მაგრამ უკვალოდ თუკი გავქრები,
თუკი დამფარავს ვარსკვლავთა რიდე,
-	შენთვის, ძვირფასო, ლოცვად დავდგები,
რომ გაგახსენო გზები სავალი,  
შენთვის,  ძვირფასო,  ლოცვად დავდგები
და ყველა ხიფათს გამოგარიდებ…

მხრჩოლავ ვაგონში ატორტმანებულს,
უხმო ნაღველი შემოჩვეოდა
მხრჩოლავ ვაგონში ატორტმანებულს, 
ეპარებოდა მთვლემარე სევდა...
საბედისწერო იმ მატარებელს,
სრიალა რელსებს რომ ასცდენოდა,
საბედისწერო იმ მატარებელს,
გარდაუვალი ელოდა ელდა…

ზებუნებრივმა იმძლავრა ძალამ,
გაუგონარი ითხოვა მსხვერპლი,
ზებუნებრივმა იმძლავრა ძალამ
და მიწიერი მოსწყვიტა მიწას...
თურმე, ვერავინ ვერ დაიფარა
დაპირებულმა სიტკბომ შეხვედრის,
თურმე, ვერავინ ვერ დაიფარა
შორით მხმობელმა მარჯვენამ იმ წამს...

შეყვარებულს ნუ განეშორებით... 
შეყვარებულს ნუ განეშორებით...
შეყვარებულს ნუ განეშორებით...
შეისისხლხორცეთ ერთობის ჟამი...
და სამუდამო დამშვიდობებით,
და სამუდამო დამშვიდობებით,
და სამუდამო დამშვიდობებით
დასცილდით, თუნდაც სტოვებდეთ წამით!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი