რაც მოსახდენია მოხდება
კიდე-კიდე სიარული ბავშვობიდან მჩვეოდა, რომ იტყვიან მესერ აკრული დავდიოდი "რა ჭკვიანი ბადიში გყავს ვერიჩკა" ეტყოდნენ ხოლმე ბებიას, როცა მამათში ვისვენებდი ზაფხულობით, "ისე კიდე-კიდე იარება, კაი დაბრძენებული ქალი გეგონება" მაშინ ჩემო მკითხველო, როგორ გითხრათ, აი ახლა, რომ ლანჩხუთში მანქანები დადის, თითქმის იმ ინტენსიობით დადიოდა მამათში და ფრთხილად სიარული კი იყო ნამდვილად საჭირო ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო, დავქალდი და ეს ჩვევა ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი, ტრანსპორტი არ მყავს, მაგრამ როგორც ქვეითათ მოსიარულეს, ჯერ დარღვევა არ მქონია, ჯერ... :) ასე ღობე ყორეს აკრული დავდივარ სულ ერთ დღესაც სამეგობრო მესტუმრა, წავიდა მადლიანი პურმარილი, ფეხით იყვნენ მოსულები და არც სმას დავერიდეთ, გვიანობამდე გასტანა ჭამა-სმამ, სიმღერამ და ტაშ-ფანდურამ, სტუმრებმა წასვლა გადაწყვიტეს, მეუღლემ დაიჩემა, გინდა თუ არა უნდა გაგაცილოთ, რას ქვია მარტო გაგიშვებთ, ჩვენთან ღამე ტურები იცის და დაგჭამთო ოო, რას ქვია მარტო წავალთ, გინდა თუ არა გაგვაცილეთო, ახლა იმათმა დაგვიწყო აქეთ ხვეწნა "ჩაუპადრუჩკეთ"ერთმანეთს და გაუდექით გზას, მე როგორც კიდეში სიარულის მოყვარული, ჩემი სტუმრები სუყველა მესერს ავაკარი და ასე, ღიღინ-ღიღინით მივდივართ, უცებ გადავდგი ნაბიჯი და ვაიი, ღმერთოო,სად მივდივარ? სადღაც ჯურღმულში ავღმოჩნდი, ზევიდან კი, პანტა პუნტით მაცვივა ხან ერთი და ხან მეორე, ბოლოს კი ჩემი მეუღლე გინებ-გინებით დაგვასკდა თავს როგორც სტიქია, კიდევ კარგი არავის არაფერი გვიტკენია, მაგრამ იმ ზამთრის ბნელ ღამეში, ორმოში ჩაცვენილები ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდით რა გვჭირდა, ვერც იმას ვხვდებოდით, როგორ ამოვსულიყავით, ვიზილებოდით ტალახში და ტირილ-სიცილი ექოთ ისე ამოდიოდა ზევით, იტყოდით ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთ ორმოში მოუწყვია მამაზეციერსო ამ ისტორიის შემდეგ ჩემი თავდაჯერილობაც შეირყა, ერთი სიტყვით, რისი თქმა მინდოდა, რაც გიწერია ადამიანს იმას ვერ აცდები, იმ ღამით რომ შუა გზაზე გაგვევლო, ის ორმო, ნამდვილად აგვცდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო ხომ გაგიგონიათ, ხოდა დღესაც ასე კიდე-კიდე მოსიარულეს, დღისით მზისით ერთ ერთი ღობედან, ლამაზად მომღიმარ ეკალ-ბარდს ჩავეკონე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი